გიორგი კანდელაკი - პროკურატურის განცხადება ადასტურებს, რომ სამიზნე ანაკლიის პორტია, რადგან „თიბისის“ საქმეს რეალური საფუძველი არ გააჩნია
გიორგი კანდელაკი - პროკურატურის განცხადება ადასტურებს, რომ სამიზნე ანაკლიის პორტია, რადგან „თიბისის“ საქმეს რეალური საფუძველი არ გააჩნია

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნა მხოლოდ რუსეთს აწყობს და არა, საქართველოს ეკონომიკასა და ქვეყნის მომავალს.

ამასთან, კანდელაკის შეფასებით, „თიბისი ბანკი“-ს საქმეზე პარლამენტში კომიტეტის სამარცხვინო სხდომა ჩატარდა, რაც  საკანონმდებლო ორგანოსთვის შეურაცხმყოფელი იყო.

„ანაკლიის პორტის ამუშავებლობა მხოლოდ რუსეთს აწყობს. გენერალური პროკურატურის განცხადება ადასტურებს, რომ საქმის რეალური სამიზნე ანაკლიის პორტია, რადგან ამ საქმეს რეალური საფუძველი არ გააჩნია და უაღრესად საეჭვოა გეოპოლიტიკურ ჭრილში. ეს  საქართველოს საგარეო პოლიტიკის ეროზიასაც ასახავს“, – განაცხადა კანდელაკმა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით გუშინ მორიგი განცხადება გაკეთდა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები ბრიფინგზე პროკურორმა, სალომე ჩიქობავამ წარადგინა. განაცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ „თიბისიმ“ „სამგორი თრეიდსა“ და „სამგორი ემ“-ზე გაცემულ სესხებს უიმედო კლასიფიკაცია მიანიჭა, ბანკი ამ კომპანიების დაკრედიტებას მაინც განაგრძობდა, ასევე საქმეში ფიგურირებს ოფშორული კომპანია, რომელითაც გამოძიების ინფორმაციით, „თიბისიმ“ „სამგორი თრეიდი“ და „სამგორი ემ“ ჩაანაცვლა. ამასთან, პროკურატურამ უარყო „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეს  გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

რაც შეეხება საკომიტეტოს მოსმენას, 26 თებერვალს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკაშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიში უნდა მოესმინათ. წინა დღით ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტში ამ საკითხის განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საკომიტეტო მოსმენაზე მივიდა, სადაც ასევე განმარტა, რატომ არ იყო მიზანშეწონილი საკითხის საჯაროდ განხილვა. „თიბისი ბანკის“ საქმეზე საჯარო მოსმენას ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვდნენ. მწვავე კამათისა და რეპლიკების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.