გიორგი კანდელაკი - „ქართული ოცნების“ იზოლაცია უფრო გაღრმავდება
გიორგი კანდელაკი - „ქართული ოცნების“ იზოლაცია უფრო გაღრმავდება

ევროპელი პარტნიორების მხრიდან „ქართული ოცნების“ იზოლაცია უფრო გაღრმავდება, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“  წევრი გიორგი კანდელაკი გიგი უგულავასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებას.

მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება მნიშვნელოვანია და მოსალოდნელიც იყო.

კანდელაკი მიიჩნევს, რომ მმართველი ძალის მხრიდან პარტნიორების გზავნილებზე დაფიქრება აუცილებელია.

„როგორც ვამბობდით, „ქართულ ოცნებაზე“  წნეხი მხოლოდ გაიზრდება, გაასმაგდება. რა თქმა უნდა, ევროკავშირის განცხადება, ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ინსტიტუტის, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება. „ქართული ოცნება“ გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით. რაოდენ დამოკიდებულია ჩვენი ქვეყანა ევროკავშირსა და შეერთებული შტატების კეთილგანწყობაზე და მხარდაჭერაზე, ამას არანაირი ახსნა არ სჭირდება. ასე რომ, „ქართული ოცნების“ ინტერესშივეა, ხელი აიღოს ამ სუიციდურ გეზზე, რომელიც აიღო ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის დაპატიმრებით“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

რაც შეეხება ტეხასის შტატის კონგრესმენ რენდი უებერის მიერ პრემიერის სახელზე გაგზავნილ წერილს, კანდელაკი ამბობს, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის მხრიდან ასეთი ინტენსივობის წნეხი არ ახსოვს.

„ასეთი ინტენსივობის წნეხი საქართველოს არ ახსოვს ყველაზე მთავარი სტრატეგიული მოკავშირის მხრიდან. მიმდინარე წლების მხარდაჭერას რომ თავი დავანებოთ, საერთოდ, საქართველო რაც დამოუკიდებელი გახდა, ესეც გარკვეულწილად შეერთებული შტატების დამსახურებაა. რომ არა აშშ, საქართველო ახლაც საბჭოთა კავშირის ნაწილი იქნებოდა. ასე რომ, კონსენსუსი ყალიბდება არა მარტო საპარლამენტო დონეზე, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზეც, რომ ივანიშვილის რეჟიმი არ შედის არც საქართველოს და არც ჩვენი მოკავშირის ინტერესებში“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.