გიორგი კახიანი – ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილი და ლევან ხაბეიშვილი დაესწრონ საკონსტიტუციოს სხდომას, ვერანაირ ახალ გარემოებას ვერ მოვისმენთ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, არანაირი საჭიროება არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი და ლევან ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას მოწმის სახით დაესწრონ.
როგორც კახიანმა სხდომაზე განაცხადა, ისინი ახალს ვერაფერს იტყვიან.
„დიდი ტყუილია, რაც ანა წითლიძემ თქვა. თუ საჭირო იქნება, ვისაუბრებ კიდეც, როგორი ზეწოლის ქვეშ იყო ჩემი ოჯახი იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც წარმოადგენს წითლიძე. შუამდგომლობას რაც შეეხება, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქ ჰყავს ხუთი წარმომადგენელი, სავსებით საკმარისია, რომ თავისი პოზიცია წარმოადგინონ. ვერანაირ ახალ გარემოებას ვერ მოვისმენთ მიხეილ სააკაშვილის ან ხაბეიშვილის სხდომაზე წარმოდგენის შემთხვევაში. ვერანაირ საჭიროებას ამისას ვერ ვხედავ. მიხეილ სააკაშვილს შეეძლო, პირადად თავისი წარმომადგენლებიც ჰყოლოდა“, – განაცხადა კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.
ამავე სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დასწრება მოითხოვა.