გიორგი კახიანი - უკრაინაში საქართველოს ელჩის გამოძახება მასთან გარკვეული კონსულტაციების მიზნით მოხდა
გიორგი კახიანი - უკრაინაში საქართველოს ელჩის გამოძახება მასთან გარკვეული კონსულტაციების მიზნით მოხდა

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა არ მოხდა საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთი მხრივ, მასთან მიმართებაში უკრაინის პოლიტიკურ სპექტრში არის სკეპტიკური დამოკიდებულება და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანწილად გათვალისწინებული იქნა ჩვენი პოზიცია, რომელიც მის ვიცე-პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით გვქონდა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

თუმცა მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დაინიშნა და არა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ესეც არის მიუღებელი, გამომდინარე იქიდან, რომ იგი არის მსჯავრდებული და მისივე მოსაზრებით, მსჯავრდებულთან მიმართებაში სხვა კითხვები უნდა ჩნდებოდეს

„რაც შეეხება ელჩის გამოძახებას, უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ეს უარყოფითად ვერანაირად ვერ აისახება ჩვენს ურთიერთობაზე. ელჩის გამოძახება მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დანიშვნიდან გამომდინარე, გარკვეული კონსულტაციები მოხდეს მასთან, რათა ეს ფაქტი ნეგატიურად არ აისახოს ქვეყნებს შორის მომდევნო ურთიერთობებზე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.