გიორგი კახიანი - როგორც ჩანს, პრეზიდენტს ნერვებმა უმტყუნა
გიორგი კახიანი - როგორც ჩანს, პრეზიდენტს ნერვებმა უმტყუნა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ სხდომის დატოვებას, პარლამენტის უპატივცემულობად აფასებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის დღევანდელი საქციელი კატეგორიულად მიუღებელია.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტის მხრიდან ადრეც გვიგრძვნია პარლამენტის უპატივცემულობა, მაგრამ რაც მან დღეს გააკეთა, კატეგორიულად მიუღებელია. შუა დებატების დროს სხდომათა დარბაზი დატოვა სრულიად აბსურდული მიზეზის გამო. ერთი კვირაა ვამბობთ, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება“, – განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, დებატების წარმართვის წესი რეგლამენტითაა გაწერილი და ამის თაობაზე ყველა ინფორმირებული იყო.

„მთელი ამ ხნის მანძილზე, პრეზიდენტს არც ერთი კითხვა არ ჰქონია და არანაირი თხოვნა, რომ რაიმე ცვლილება განხორციელებულიყო რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურაში. რატომღაც, მან დღეს გადაწყვიტა გაუგებარი მიზეზების გამო დაეტოვებინა სხდომათა დარბაზი. ის დისკომფორტი იგრძნო, რომელიც მისთვის უმრავლესობის მხრიდან კონსტრუქციულ კრიტიკას მოჰყვა.  როგორც ჩანს, მას ნერვებმა უმტყუნა. რეგლამენტის მიხედვით ვმოქმედებთ“, – განაცხადა კახიანმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი თავჯდომარე განმარტავს, რომ  ნებისმიერი განსხვავებული პროცედურის დამატება ნიშნავს, რომ ამან რეგლამენტის დარღვევა უნდა გამოიწვიოს. თუმცა, პრეზიდენტს პროცედურაში ცვლილების შესახებ პარლამენტისთვის თავის დროზე, რომ მიემართა, საკითხზე მსჯელობა შედგებოდა.

„პრეზიდენტს თავის დროზე რომ ჰქონოდა მომართვა, გაწერილ პროცედურაში რაიმე სახის ცვლილება განხორციელებულიყო, კითხვები დასმულიყო და ა.შ, ამაზე ვიმსჯელებდით და მაქსიმალურად გავითვალისწინებდით. პრეზიდენტის მხრიდან არანაირი თხოვნა არ ყოფილა, რეგლამენტით მას დასკვნითი სიტყვით  გამოსვლის უფლება აქვს“, – განაცხადა კახიანმა.

დეპუტატი ამბობს, რომ პრეზიდენტი შეზღუდული არ იყო მისთვის სასურველი დროით ესარგებლა, თუმცა, მისი გამოსვლა უპრეცედენტოდ მოკლე იყო.

„მისი გამოსვლა უპრეცედენტოდ მოკლე იყო, 20 წუთიც არ უსაუბრია, როცა შეეძლო, საათი და მეტი ესაუბრა.  მას შესაძლებლობა აქვს, დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. პრეზიდენტმა გამოხატა სრული უპატივცემულობა გამოხატა პარლამენტის მიმართ“, – განაცხადა კახიანმა.

მისი შეფასებით, როცა პრეზიდენტის ინსტიტუციების შესუსტებაზე საუბრობს და ამ ფონზე მსგავს უპატივცემულობას გამოხატავს პარლამენტის მიმართ, თავის ლოგიკას ეწინააღმდეგება.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. ამას წინ უძღოდა კამათი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემისა და დებატებში შესვლის საშუალება. ირაკლი კობახიძემ კი, პრეზიდენტს განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა.