გიორგი კახიანი - ოპოზიცია ამბობს, რომ სახალხო დამცველის არჩევაზე ცვლილებებს მხარს არ უჭერს პოლიტიკურად და არა იმიტომ, რომ კანონთან შეკითხვები აქვთ, ეს არის აბსურდული ნაბიჯები მათი მხრიდან
გიორგი კახიანი - ოპოზიცია ამბობს, რომ სახალხო დამცველის არჩევაზე ცვლილებებს მხარს არ უჭერს პოლიტიკურად და არა იმიტომ, რომ კანონთან შეკითხვები აქვთ, ეს არის აბსურდული ნაბიჯები მათი მხრიდან

ოპოზიცია ამბობს, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესზე ცვლილებებს პოლიტიკურად არ უჭერენ მხარს და არა იმიტომ, რომ კანონთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. ეს არის აბსურდული, არაადეკვატური და არათანმიმდევრული ნაბიჯები მათი მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, ოპოზიციამ კანონპროექტს პირველი მოსმენის დროს მხარი დაუჭირა, მეტიც – მეორე მოსმენის დროს კომიტეტზე მხარი დაუჭირეს, თუმცა ამის შემდეგ სახალხო დამცველის განცხადება იყო და ფაქტობრივად, ეს გახლდათ მოწოდება ოპოზიციური ჯგუფების მიმართ, რომ მხარდაჭერა არ ჰქონოდა ამ კანონს.

„სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ ოპოზიციამ ცვლილებებს მხარი აღარ დაუჭირა. ალბათ ეს არის მცდელობა, რომ ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან სრულდება, ისე წარმოაჩინონ, თითქოს ბოლომდე არ არის შესრულებული და უნდათ, გარკვეული ჩრდილი მიადგეს ამ პროცესს. ეს იქნება უსუსური მცდელობა, რადგან კანონპროექტი სრულიად გამართულია და ოპოზიციას შეკითხვებიც კი არ რჩება. ისინი ამბობენ, რომ ცვლილებებს მხარს პოლიტიკურად არ უჭერენ და არა იმიტომ, რომ კანონთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. ეს არის აბსურდული, არაადეკვატური და არათანმიმდევრული ნაბიჯები მათი მხრიდან“, – განაცხადა კახიანმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს.

ამასთან, აღნიშნულ კანონპროექტს პირველი მოსმენით გუშინ მხარი დაუჭირეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“.