გიორგი კახიანი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენები ხვალიდან დაიწყება
გიორგი კახიანი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენები ხვალიდან დაიწყება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი ხუთი დღე გაგრძელდება.

როგორც ჟურნალისტებს კახიანმა განუცხადა, ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, ეს პროცესი დროში უფრო გახანგრძლივებულია, ვიდრე ადრე იყო.

„ამ პროცესს მთელი კვირა დასჭირდება, სულ მცირე, ხუთი დღე იმისთვის, რომ მთავრობას ნდობა გამოეცხადოს. სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყება საკომიტეტო მოსმენები, რასაც სულ მცირე, ორი დღე დასჭირდება. ამის შემდგომ პარტიული პოლიტიკური ნაწილი დაიწყება, რაც გულისხმობს ფრაქციებთან და უმრავლესობასთან მთავრობის შემადგენლობის შეხვედრას, ამისთვის სულ მცირე, ორი დღე იქნება საჭირო. მეხუთე დღეს კი, შესაძლებლობა გვექნება, პლენარულ სხდომაზე გავიტანოთ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. თავის მხრივ, გიორგი გახარიამ მთავრობაში გარკვეული საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი  ვახტანგ  გომელაური, თავდაცვის მინისტრად  – „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, ლევან იზორია კი, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების მდივნის თანამდებობას დაიკავებს. ამასთან, ჯერ უცობია, ვინ გახდება სუს-ის ახალი ხელმძღვანელი.

ამასთან, გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე წარუდგინა.