გიორგი კახიანი - ევროსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს იდეას, რასაც საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობა ჰქვია
გიორგი კახიანი - ევროსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს იდეას, რასაც საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობა ჰქვია

გახსოვთ, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა შეფასებები შეიცვლებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, რომ ეს შეფასებები არის იგივე, რაც ჰქონდათ თავიდან, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არავის არ დაუყენებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ სადამკვირვებლო მისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განიხილეს.

როგორც კახიანმა აღნიშნა, ევროსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დიდი მხარდაჭერა აქვს იდეას, ოპოზიციამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს.

„კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ არჩევნები არის ლეგიტიმური, ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. იმავდროულად, ჩვენ ვხედავთ მოწოდებებს საპარლამენტო საქმიანობაში მიღებისკენ ოპოზიციის მიმართულებით. ევროსაბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს იმ იდეას, რასაც ჰქვია საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობა. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეფუძნება იმას, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური და არავის ამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.

საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ეს თუნდაც „ენდიაი“-ს კვლევებში გამოჩნდა, ცალსახად აქვს პოზიცია, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო საქმიანობაში უნდა მიიღოს მონაწილეობა, მეორე მხრივ საერთაშორისო არენაზე თუკი ვინმე განცხადებას აკეთებს, ყველა მოუწოდეს ოპოზიციის წარმომადგენლებს, საპარლამენტო საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა. ყველაფერი ეს, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიციას მიიყვანს საღ მოსაზრებამდე და მათ ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ საპარლამენტო ცხოვრებაში“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შესახებ ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ანგარიშის ავტორია ტინი კოქსი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყველა პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ.