გიორგი ისაკაძე - 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ ტელეკომპანია „იმედს“ რამდენიმე მილიონი ლარი აუნაზღაურა
გიორგი ისაკაძე - 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ ტელეკომპანია „იმედს“ რამდენიმე მილიონი ლარი აუნაზღაურა

ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ისაკაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიისთვის მიყენებულ ზიანსა და ზარალზე ისაუბრა.

7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე მოწმედ დაკითხვისას ისაკაძემ განმარტა, რომ მწყობრიდან იყო გამოსული ეთერის სამართავი პულტი და მისი შეკეთება ტელეკომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა შეძლო.

ისაკაძის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ტელეკომპანიას რამდენიმე მილიონი ლარი აუნაზღაურა.

„შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დაითვალა ზარალი. დაზიანება იყო ძირითადად სამართავი მოწყობილობების. ძირითადად დაზიანდა აპარატურა, რაც ჩამოშლიდა ტელეკომპანიის მაუწყებლობას, ანუ სამართავი პულტი.

იმედი მაუწყებლობდა, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა გათიშულიყო. ძირითადი სამართავი პულტი, როგორც წესი, ღირს ყველაზე ძვირი. თანხა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მთლიანად იყო გამოსული მწყობრიდან და სახელდახელოდ შეაკეთა ადგილობრივმა ჯგუფმა. თანხა იყო სამ მილიონ ლარზე მეტი – ეს აანაზღაურა სამინისტრომ. იმ პერიოდში ნიკა გვარამიას ვესაუბრებოდი სამინისტროს მხრიდან”, – განაცხადა ისაკაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ საქმეზე ბრალდებულები არიან – მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.