გიორგი ისაკაძე - დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო პოლიტიკის ინტერესი ჰქონდა და არა ქონების 
გიორგი ისაკაძე - დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო პოლიტიკის ინტერესი ჰქონდა და არა ქონების 

თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო პოლიტიკის ინტერესი ჰქონდა და არა ქონების, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ყოფილმა დირექტორმა გიორგი ისაკაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ისაკაძე 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე დაიკითხა.

როგორც გიორგი ისაკაძემ აღნიშნა, ჯოზეფ ქეი 2007 წელს გოჩა ძასოხოვმა გააცნო და გაცნობის მიზეზი იყო კომპანია, რომელიც ჯოზეფ ქეიმ იყიდა.

“დავით კეზერაშვილს, ვიცნობდი როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად და არა მხოლოდ თავდაცვის მინისტრობიდან. 2007 წელი – ეს ის პერიოდია, როდესაც პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ჯოზეფ ქეი გვიკავშირდება, მას შემდეგ რაც კომპანია გავასხვისეთ, ამის შემდეგ მე და ჯოზეფი პარტნიორები გავხდით. რაც შეეხება პერიოდს, როდესაც ბადრი პატარკაციშვილის გარდაიცვალა ჯოზეფმა გვითხრა, რომ მისი ქონების განმკარგველი იყო. ეს გვაცნობა ჯერ ტელეფონით, შემდეგ გვანახა საბუთი. პირველი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში შედგა ქეის და კეზერაშვილს შორის, რომელსაც მეც ვესწრებოდი. ეს გაცნობითი შეხვედრა იყო. ჯოზეფს სურდა, მეტი ადამიანი გაეცნო მთავრობაში. მეორე ნაწილი დაეთმო იმ საბუთს, რაც მის ქონების განმკარგველის სტატუსს ადასტურებდა. ჯოზეფს სხვადასხვა დონეზე ამის შემდეგაც ჰქონდა შეხვედრები. შეხვედრის მიზეზი იყო ტელეკომპანია “იმედი”, – აღნიშნა  ტელეკომპანია “იმედის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა.

გიორგი ისაკაძემ სასამართლო სხდომაზე გიორგი ჯაოშვილსა და ჯოზეფ ქეისთან შეხვედრაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, გიორგი ჯაოშვილი “იმედის” 70%-იანი წილის მფლობელი იყო და კომპანიის გადაფორმებას პოზიტიურად უყურებდა.

“ამის შემდეგ შედგა შეხვედრა გიორგი ჯაოშვილსა და ჯოზეფ ქეის შორის. ჯაოშვილი იყო “იმედის” 70% -ის მფლობელი. ეს შეხვედრა ჯოზეფ ქეისთან სახლში იყო. ჯაოშვილი კომპანიის გადაფორმებას უყურებდა პოზიტიურად, რადგან პატარკაციშვილების ქონების გარშემო პრობლემები ამოიწურებოდა. ჯოზეფის ინტერესი სხვა იყო, ის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობდა პატარკაციშვილებს. ჯოზეფ ქეი ამ ბიზნესების რეგულირებას ცდილობდა. ჯაოშვილიც ერთ-ერთი მთავარი ხელმომწერი იყო ამ ყველაფრის. შეხვედრის შემდეგ ორ დღეში ყველაფრის აღსასრულებლად ნოტარიუსთან ვიყავით. ჯაოშვილი ალბათ ეცდებოდა ოჯახთან კომუნიკაციას, მან თქვა, რომ ოჯახისთვის უნდა ეკითხა. შემდგომ უკვე იყო ნოტარიუსის ეპიზოდი. იქ იყვნენ დავით ასათიანი, ნოტარიუსი, მე, ჯოზეფ ქეი, ჯაოშვილი, კიდევ კოტე ყიფიანი, რომელიც მაშინ სამხედრო პოლიციაში მუშაობდა. გარეთაც იყვნენ ადამიანები, ეს არ იყვნენ სამხედროები. აქციების ფასებს ვადგენდით, რაც რთული იყო. ერთ-ერთი კომპანია იქ ჩემ სახელზეც გაფორმდა. 420 ათასი ლარი ფასი არ იყო რეალისტური, ქონება ათეულობით აღემატებოდა ამ ფასს”, – განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

პროკურორის კითხვაზე, თუ რა ინტერესი ჰქონდა თავდაცვის მინისტრს, ისაკაძემ აღნიშნა, რომ ეს იყო საინფორმაციო პოლიტიკის ინტერესი.

“ინტერესი იმ დროს იყო მარტივი – ტელეკომპანია “იმედი” და მეტი არაფერი. ცხადია, “იმედი” ცალკე აღებული ქონებაა, თუმცა ეს იყო საინფორმაციო პოლიტიკის ინტერესი”, – განაცხადა ისაკაძემ.