გიორგი გვიმრაძე - რამდენიმე წელია, ევროპული მედია აქტიურად განიხილავს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის თემას, უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს მთავარ ამბავზე კონცენტრირება
გიორგი გვიმრაძე - რამდენიმე წელია, ევროპული მედია აქტიურად განიხილავს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის თემას, უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს მთავარ ამბავზე კონცენტრირება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის საკითხზე ტრენინგი გაიმართა, რომელსაც კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, კონსტრუქციული ახალი ამბების გამოცემის ავტორი ულრიკ ჰააგერუპი უძღვებოდა.

კონსტრუქციული ახალი ამბები სრულიად ახალი მიდგომაა, რომელსაც საქართველოს პირველი არხი გამოიყენებს.

საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის თქმით, რამდენიმე წელია, ევროპული მედია აქტიურად განიხილავს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის თემას.

„რამდენიმე წელია, ეს თემა აქტიურად განიხილება განსაკუთრებით ევროპული მედიის ფარგლებში და სივრცეში. ბევრი მაგალითია იმისა, თუ როგორ გადავიდა ესა თუ ის მედიასაშუალება კონსტრუქციულ ჟურნალისტიკაზე და აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ყოფილიყო ჩვენთვის ნაცნობი თემა. მთავარი სიახლე არის ის, თუ როგორ შეიძლება, ისეთი ტიპის პოლარიზაციის მქონე ქვეყანაში, საზოგადოებრივი, ასევე მედიისა და პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორშიც ჩვენ ვართ, კონსტრუქციაზე ვილაპარაკოთ და როგორ შეიძლება, ანტაგონისტურად განწყობილ საზოგადოებაში იყოს კონსტრუქციული ჟურნალისტიკა; რამდენად არის შესაძლებელი, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკით სწორედ ეს ანტაგონიზმი და პოლარიზაცია დავძლიოთ.

პრობლემა უნდა დავსახოთ და ცხადია, ამასთან ერთად უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემა გადაწყვეტადია, რათა ნიჰილიზმში არ ჩავვარდეთ. სწორედ აქ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადგილი, რომელმაც ამ პროცესის გენერირებას უნდა შეუწყოს ხელი, უნდა შესთავაზოს პლატფორმა ყველა მოთამაშეს და უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას, რათა კონსტრუქციულად დაინახოს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ვდგავართ. შესაბამისად, იპოვოს ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც ჩვენ წინაშეა.

მთავარი ამბავია, გავიაზროთ, რას ნიშნავს მთავარ ამბავზე კონცენტრირება. ეს ხომ არ ნიშნავს​, რომ კარგი ამბავი გავაშუქოთ მხოლოდ იმისთვის, რომ კარგი ამბავი უნდა გავაშუქოთ; ჩვენ ის უნდა გავაშუქოთ იმ პერსპექტივიდან, რამდენად შეიძლება ესა თუ ის ამბავი, რომელიც პირობითად გვეჩვენება, რომ კარგია, იყოს ამ პრობლემის ალტერნატივა, გამოსავალი პრობლემიდან, რომელიც ჩვენ წინაშე დგას.

კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ამოცანა არ არის კარგი ამბების მოძიება, კარგი ამბების მოყოლა, მისი ამოცანაა პრობლემების უკეთ გაგება. ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამოცანა ის კი არ არის, რომ პრობლემაზე არ თქვას, არამედ თქვას და აიძულოს ყველა, ვისაც მისი მოგვარება ევალება, იფიქროს ამ გადაწყვეტაზე და შესთავაზოს საზოგადოებას ის გადაწყვეტები, რასაც საზოგადოება მოელის.

დღეს რომ ყალიბდებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ამ მიზნით შექმნიდნენ მას და დღესაც, როდესაც დემოკრატია ყველაზე რთულ ვითარებაშია, ყველაზე დიდი გამოწვევა აქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ცენტრში დემოკრატიის კრიზისის დაძლევაში“, – აცხადებს გიორგი გვიმრაძე.