გიორგი გვიმრაძე - კვლევის „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“ ავტორები კომპეტენციის სერიოზულ ნაკლებობას განიცდიან
გიორგი გვიმრაძე - კვლევის „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“ ავტორები კომპეტენციის სერიოზულ ნაკლებობას განიცდიან

კვლევის „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“ ავტორები კომპეტენციის საკმაოდ სერიოზულ ნაკლებობას განიცდიან, – ამის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“, გადაცემის წამყვანმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა.

გადაცემის სტუმარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.

როგორც გიორგი გვიმრაძემ აღნიშნა, კვლევაში მოხმობილი სხვა დანარჩენი ბევრი ასპექტის განხილვაც რომ მოხდეს, მათ შორის, მათ მიერ გამოკითხული მოსახლეობის პასუხები ხშირად აჩვენებს, რომ ამ მოსახლეობაზე არ მოქმედებს რუსული პროპაგანდისტული არხები, რომელსაც ისინი იკვლევენ.

გარდა ამისა, გვმირაძის თქმით, კვლევაში შოთა თხელიძის სხვა სიუჟეტებიც იყო მოხსენიებული და ციტატები მოყვანილი, რითაც მას გაუჩნდა განცდა, რომ კვლევის ჩამტარებელს ფაქტის აღქმის პრობლემა აქვს.    

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამაზე ვერაფერს იტყვის.

„ხო, არ ვიცი მე, მართალი გითხრათ, გამოგიტყდებით“, – განაცხადა ხუციშვილმა.

გიორგი გვიმრაძის შეფასებით, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საზოგადოების და კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ინსტიტუციების კლიშირებას ისახავს მიზნად.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რატომ წერია ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ დაფინანსებულ კვლევის დასკვნაში, რომ რუსული არხებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მოსაზრებები ერთმანეთს ძალიან ემთხვევა, ხუციშვილი პასუხობს: „ძალიან მიხარია, რომ ასე აღშფოთდით, რადგან მოგეჩვენათ, პრორუსულობა დაგაბრალეს, მაგრამ მე არ ვაპირებ, ბოდიში მოვიხადო ჩვენი პარტნიორის გამო, იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, იქ არის შეცდომები“, – განაცხადა ხუციშვილმა.

საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი – „ღია საზოგადოების ფონდი“ (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“). კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.