გიორგი გუგავა - კარტოგრაფები ვერანაირ საზღვარს ვერ ადგენენ, შესაბამისად, დანაშაულებრივი ქმედება არ არსებობს, ბრალი შეთითხნილი იყო
გიორგი გუგავა - კარტოგრაფები ვერანაირ საზღვარს ვერ ადგენენ, შესაბამისად, დანაშაულებრივი ქმედება არ არსებობს, ბრალი შეთითხნილი იყო

ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილია, რასაც თქვენ სვამთ კითხვასთან დაკავშირებით. ჩემთვის დავით გარეჯი არის საქართველო, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის ქართულ იურისდიქციაში სრულად მოექცეს, – ასე შეაფასა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ დავით გარეჯთან დაკავშირებით ივერი მელაშვილის განცხადება.

გიორგი გუგავას თქმით, დღევანდელი ხელისუფლებაა დამნაშავე, რომ დავით გარეჯის გარკვეულ მონაკვეთზე ბერების, ტურისტების, მოქალაქეების გადაადგილება შესაძლებელი აღარ არის.

„სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ, მათ შორის პრეზიდენმტა, გამოიწვია ის, რომ მესაზღვრეები ამოვიდნენ და გადმოწიეს საზღვარი და დღეს რაღაც ნაწილს, რომელზეც მანამდე თავისუფალი იყო გადაადგილება (საზღვარი არ იყო დადგენილი, მაგრამ გადაადგილება ბერების, ტურისტების, მოქალაქეების თავისუფლად იყო შესაძლებელი), სამწუხაროდ, დღეს შეუძლებელია. ამიტომ, ამაში წვლილი მიუძღვის დღევანდელ ოლიგარქიულ ხელისუფლებას. რომ დაფარონ მათი დანაშაული, ჩხიბავენ ათასნაირ ჭორს და ურევენ ერთმანეთში.

თან დღევანდელმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ თურმე არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ იმ მონაკვეთზე, იმ ტერიტორიებზე აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. ამიტომ, გამოკვეთილი არის მათი დანაშაული. ახლა დანაშული რომ დაფარონ წამოიწყეს, წამოიწყეს ეს პროცესი, რომელიც პრობლემას ვერ გადაწყვეტს, რადგან გაყიდული აქვთ ეს ტერიტორია“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

ამასთან, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით გიორგი გუგავა „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებასაც გამოეხმაურა:

„კაკო ბობოხიძის განცხადებაზე ბატონი კაკო ალბათ გულისხმობდა ბერთა უბანს, რომელიც სამწუხაროდ, სიღრმეშია მოქცეული. მაგრამ, ისტორიულად, კულტურულად დავით გარეჯი წარმოადგენს საქართველოს ნაწილს. ავბედითობამ 21 წელს, როდესაც ბოლშევიკებმა გადაუნაწილეს ჩვენი ტერიტორიები, უდიდესი ნაწილი სამწუხაროდ, ეს ნაწილი მოექცა იქით. ამიტომ, მოლაპარაკებით ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ის კვლავ მოვაქციოთ ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ. ეს, მაგრამ ეს ხდება პარტნიორობით, მოლაპარაკებით და არა გამყიდველობით, არა ცალსახა დათმობით, რაც სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ გააკეთა და ეს ქმედებები მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

რაც შეეხება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას, გიორგი გუგავამ აღნიშნა, რომ საზღვარს კარტოგრაფები ვერ ადგენენ და შესაბამისად, როგორც გუგავა მიიჩნევს, დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება.

კარტოგრაფები ეს იყო თითიდან გამოწოვილი ბრალდება, კარტოგრაფები ვერ ადგენენ ვერანაირ საზღვარს. საზღვრის დადგენა ხდება უმაღლეს დონეზე, რომლის რადიფიცირება უნდა მოახდინოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ. კარტოგრაფები ვერანაირ საზღვარს ვერ ადგენენ. აქედან გამომდინარე, ეს საზღვარი დღეს დადგენილი არ არის, შესაბამისად, ბრალი დანაშაულებრივი ქმედება, მართლსაწინააღმდეგო ქმედება როგორც ასეთი, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, როდესაც მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ არსებობს, დანაშაულიც არ არსებობს. ბრალი იყო შეთითხნილი“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.