გიორგი გუგავა - ელისაშვილს იმდენად მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად არ მივიჩნევ, რომ მის განცხადებაზე კომენტარი გავაკეთო
გიორგი გუგავა - ელისაშვილს იმდენად მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად არ მივიჩნევ, რომ მის განცხადებაზე კომენტარი გავაკეთო

ჩიხიდან გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა, არჩევნები. აქამდე რომ მივიყვანოთ ხელისუფლება და ვაიძულოთ, აუცილებელია ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობის გაწევა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

„ეს არის სახიფათო ზღვარის მიჯნა, ან ჩვენ ვაგრძელებთ დასავლური ცივილიზაციის მიმართულებით სვლას, დემოკრატიული მიმართულებით განვითარებას, ან კვლავ ვხდებით რუსეთის კოლონია, რისკენაც მივყავართ დღევანდელ დამნაშავე ხელისუფლებას. ეს იქნება ეროვნული ინტერესების ღალატი, უგულებელყოფა იმ არჩევანისა, რაც 30 წლის წინ გააკეთა ქართველმა ხალხმა. ამ ჩიხიდან გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა, არჩევნები. აქამდე რომ მივიყვანოთ ხელისუფლება და ვაიძულოთ, აუცილებელია ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობის გაწევა.

მეორე მხრივ, ჩვენ აუცილებლად გვექნება დასავლეთის მხრიდან სანქცირება არა ქვეყნის, არამედ დამნაშავე ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. მხოლოდ ამით გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას და კვლავ დავაბრუნებთ განვითარების ისტორიულ მიმართულებაზე. 30 წლის განმავლობაში ასეთი საფრთხის წინაშე ჩვენი ევროპული ინტეგრაციია არ დამდგარა და ეს გააკეთა ხელისუფლებამ. ზოგადად ქვეყანაში რაც ხდება, ამაში პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. სამწუხაროდ, ეჭვის ქვეშ დააყენა, სახიფათო მიჯნაზე მიგვიყვანა, რომ ქვეყანა განვითარდეს ევროპული, დასავლური ცივილიზაციის მიმართულებით. ჩვენ, როდესაც დავკარგავთ გეზს, დავრჩებით მარტო რუსეთთან მიმართებაში და ის აუცილებლად წაგვართმევს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, გვაქცევს კოლონიად. სამწუხაროდ, ოპოზიციას არ აქვს სახელისუფლებო ბერკეტები და ვერ წარმართავს პოლიტიკას. არჩევნები ოპოზიციას არ გაუყალბებია, რეპრესიები ოპოზიციას არ განუხორციელებია, ასევე, დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც ევროპულ გზას გვიკეტავს. ამდენად, მათი პასუხისმგებლობაა და ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა ვაიძულოთ ისინი, ჩამოვაშოროთ ამ ძალაუფლებას. ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, მაგრამ არჩევნები არის მოსაპოვებელი ერთიანი ძალისხმევით და დასავლეთის მხარდაჭერით. ოპოზიცია იმისთვის არ არის, რომ კაპიტულაციას მოაწეროს ხელი, ეს არ არის შეთანხმება.

სიტუაციის განმუხტვის სწორი გზა არის ახალი არჩევნები. ამ ახალ არჩევნებამდე, რომ მივიყვანოთ ხელისუფლება, ის იძულების ფორმატში უნდა ჩავაყენოთ ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობის გზით. შეხვედრაზე ამ გეგმებზე იქნება საუბარი“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის ოპოზიციისადმი მიმართვას, ამასთან დაკავშირებით გუგავა აცხადებს, რომ ელისაშვილს იმდენად მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად არ მიიჩნევს, რომ მის განცხადებაზე კომენატარი გააკეთოს.

„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ სუბიექტს არ ვთვლი იმ მნიშვნელობის ფიგურად, რომ მის განცხადებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო“, – განაცხადა გუგავამ.