გიორგი გოჩოლეიშვილი – ქუთაისში დაბრუნება და თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილი – ქუთაისში დაბრუნება და თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT

კაბო ვერდესთან ამხანაგური შეხვედრის წინ, ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად გიორგი გოჩოლეიშვილი იმყოფებოდა.

ფეხბურთელი ქუთაისელია და არ დაუმალავს, რომ მშობლიურ ქალაქში თამაში მისთვის განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული.

„რა თქმა უნდა, ქუთაისში დაბრუნება და თამაში როგორც ნაკრებისთვის, ისე პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კარიერა სწორედ ამ ქალაქში დავიწყე. ამიტომ ქუთაისში თამაში განსაკუთრებით სასიხარულოა.

შევეცდებით, გულშემატკივარს კარგი შეხვედრა ვაჩუქოთ და სტადიონიდან გახარებულები გავუშვათ. სანაკრებო შეკრებაზე რომ ჩამოდიხარ, გადაღლის ფაქტორი უკანა პლანზე გადადის, შენი ქვეყნის მაისურით თამაში ყველაფერს გავიწყებს“, – ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.

საქართველოსა და კაბო ვერდეს დაპირისპირება „რამაზ შენგელია არენაზე“ 8 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.