გიორგი გოჩოლეიშვილი - ნაკრებთან ადაპტაციაში თანაგუნდელები მეხმარებიან #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილი - ნაკრებთან ადაპტაციაში თანაგუნდელები მეხმარებიან #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილმა საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა და მაროკოს ნაკრებთან მოახლოებულ ამხანაგურ მატჩზე ისაუბრა – „საბურთალოს“ ფლანგის მოთამაშის თქმით, მას გუნდთან ადაპტაციაში გამოცდილი მოთამაშეები ეხმარებიან.

„საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველი შეკრებაა, რაც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. თუმცა, თანაგუნდელები მეხმარებიან და მადლობა მათ. ვარჯიშებზე ყველაფერი კარგად მიდის. ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ“, – ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალოს“ ფეხბურთელს ქვეყნის პირველ გუნდში სადებიუტო ვარჯიშის შემდეგ, ეროვნული ნაკრების ახალწვეულისთვის განკუთვნილი სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

დიდი ალბათობით, გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას ჩემპიონთა ლიგის არაერთგზის მონაწილე დონეცკის „შახტარში“ გააგრძელებს – არსებული ინფორმაციით, 21 წლის მცველი „შახტართან“ კონტრაქტს მაროკოსთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ გააფორმებს.

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში შარჯას სტადიონზე 17 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. ეროვნული გუნდის წლის ბოლო მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.