გიორგი გიორგანაშვილი - რამე დანაშაულში რომ მიმიძღვოდეს წილი, ნამდვილად არ გავრისკავდი არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის კეთილდღეობით
გიორგი გიორგანაშვილი - რამე დანაშაულში რომ მიმიძღვოდეს წილი, ნამდვილად არ გავრისკავდი არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის კეთილდღეობით

არ გავრისკავდი როგორც ჩემი კარიერით, კეთილდღეობით, ასევე ჩემი ოჯახის ნორმალურად ცხოვრების გაგრძელების შანსით, რადგან მთელი ჩემი ოჯახი დამოკიდებულია ჩემზე. შესაბამისად, დავთანხმდებოდი იმ ერთ წელს, რომელსაც მთავაზობდა პროკურატურა და გამოვიდოდი ციხიდან სასჯელის მოხდით, – ამის შესახებ მსჯავრდებულმა გიორგი გიორგანაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

როგორც გიორგანაშვილმა განაცხადა, არასდროს ყოფილა ნასამართლევი და ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო სოციალურად აქტიური.

„თქვენთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ვაღიარო ისეთი ქმედება, რომელიც არ ჩამიდენია. მე რომ რამე დანაშაულში მიმიძღვოდეს წილი, ნამდვილად არ გავრისკავდი არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების კეთილდღეობით. აღვნიშნავ, რომ აქამდე ნასამართლევი არ ვყოფილვარ და დიდი გამოძიება არ სჭირდება იმას, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში არათუ საფრთხე შემიქმნია ვინმესთვის, პირიქით, ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი სოციალურად აქტიური და დამეცვა საზოგადოებრივი სიკეთე. ეს აქტივობა ჩემთვის არასდროს ყოფილა პოზა, არამედ ის იყო მორალური მოთხოვნილება. ასე მგონია, რომ ადამიანის ცნობადობა მის სოციალურ პასუხისმგებლობას მხოლოდ ზრდის. რა თქმა უნდა, ამ დარბაზში ჩემი ცნობადობა არაფერ შუაშია. მე რიგითი მოქალაქე ვარ, თუმცა სოციალური პასუხისმგებლობა ამ დარბაზში კიდევ უფრო დიდია“, – განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა“) თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გიორგანაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ კიდევ ორი პირი დააკავეს.