გიორგი გელხაური - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ შსს-ს გაუგზავნა მითითება, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა შეასრულოს
გიორგი გელხაური - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ შსს-ს გაუგზავნა მითითება, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა შეასრულოს

გიორგი შაქარაშვილის საქმეში არასრულწლოვან ზ.ხ.-ის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, პროკურატურამ შსს-ს გაუგზავნა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უნდა შეასრულოს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, პროკურატურის მითითებიდან ჩანს, რომ შსს-ს გამოძიების პროცესში „არაფერი გაუკეთებია“.

„პროკურატურამ წერილობითი მითითება გაუგზავნა შსს-ს. იქ არის გაწერილი დეტალურად ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც შსს-მ უნდა შეასრულოს. ამ მითითებიდან გამომდინარე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ფაქტიურად შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფერი გაუკეთებია. ყველა ის პირი, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ზის და არის პატიმრობაში, რომელიც მცხეთის რაიონულმა სასმართლომ შეუფარდა. რაც შეეხება იმ საგამოძიებო მოქმედებას, სადაც პირდაპირ უთითებს პროკურატურა, რომ ამირხანაშვილმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამოცნობაში და ამოიცნოს არასრულწლოვანი, რომელიც იჯდა „ტოიოტაში“, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, გატაცებულ პირს არ ყავს ამოცნობილი გამტაცებელი ამ შემთხვევაში და მას ბრალად შერაცხეს ის მძიმე ქმედება, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთაა. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილი 12 ტომიან მასალაში აბსოლუტურად არაფერი არ არის გაკეთებული იმ გაგებით, რომლის საფუძველზე შესაძლებელია, პირის მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი გელხაურის თქმით, საქმეში მოწმეთა ჩვენებები გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს.

„საწყენია, რომ საქმეში გურამ ამირხანაშვილის ოთხი სხვადასხვა ჩვენება დევს და ამირხანაშვილი ამ სისხლის სამართლის საქმეში არ გვევლინება კეთილსინდისიერ მოწმედ. სამწუხაროა, რომ ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. სამწუხაროა, როდესაც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილმა ჩამოიყვანა დიდუბეში, ის არ წავიდა სახლში და შემდგომ გააგრძელა შეხვედრები. მე ეს არ მიკვირს,რადგან მან არა ერთხელ შეცვალა ჩვენება და როგორ ჩანს, ამირხანაშვილი არის ერთადერთი უახლოესი მეგობარი შაქარაშვილის, რომელიც არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. კითხვებს ბადებს, თუ რამ გამოიწვია ჩვენების ოთხჯერ შეცვლა. კითხვები ძალიან ბევრი გვაქვს. დაახლოებით ორი კვირაა, კითხვებს ვსვამთ გამოძების პერიოდში, რომ გამოძიება არ მიდის ობიექტურად. ძალიან მნიშვნელოვანია ის პირი, რომლიც მას დიდუბეში ხვდება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა გარემოება, რომელიც უკავშირდება ამირხანაშვილს“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

როგორც საქმის ერთ-ერთი არასრულწლოვანი ფიგურანტის ადვოკატი აცხადებს, გამოძიება ხარვეზებით მიმდინარეობს და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საქმეში მონაწილე პირების მოკლე ტექსტური შეტყობინებების ნაწილი წაშლილია, ასევე დამწვარია შემტხვევის ადგილი.

„არასრულწლოვანს, ვისაც მე ვიცავ, შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, უბრალოდ ეს ადამიანი დააკავეს, რადგან საქმეზე დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და მღელვარებაა. რადგან დაკავებულია 17 პირი, არ ნიშნავს, რომ ეს პირები მონაწილეობდნენ შაქარაშვლის გარდაცვალებაში. გამოძიება ხარვეზით მიმდინარეობს და არასრულყოფილია. ამაზე არაერთხელ ვთქვით. ის რომ გამოძიებამ ახვლედიანს კიხთვაც კი არ დაუსვა, რას აკეთებდა ოთხ საათამდე მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ესეც ძალიან ბევრ კითხვა აჩენს. კითხვას აჩენს ის გარემოებაც, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ იძებნება ამ პირების, აქედან გამომდინარე, ამაზე გამოძიება უნდა განხორციელდეს სრულყოფილად და ობიექტურად რაც არ ხდება სამწუხაროდ. ახლა რომ მიხვალთ შემთხვევის ადგილზე, ნახავთ, რომ ეს ადგილი არის დაცული და შემოღობილია ლენტით, სამწუხაროდ ეს ის მომენტია, როდესაც ადგილს დაცვა აღარ სჭირდება. ეს ადგილი დაცული უნდა ყოფილიყო იმ დროიდან, როდესაც იქ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და ნაპოვნი იყო ამირხანაშვილი“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ამასთან შსს-მ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი გაავრცელა.