რუმინეთში, ქალაქ სიბიუში გაიმართა მოტოშეჯიბრება Red Bull Romaniacs. მასში მონაწილეობდა ქართველი მოტომრბოლელი, 19 წლის გიორგი გახელაძე. მან პირველად გადალახა შეჯიბრების ყველაზე რთული, ოქროს კლასის დაბრკოლებები და პროფესიონალ მოტომრბოლელებს შორის მე-14 ადგილი დაიკავა, რაც უთუოდ დიდი წარმატებაა.
გიორგი გახელაძე: „რუმინული ტურნირი მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა წვიმის და ცუდი ამინდის გამო. წელს ჩემი მიზანი იყო წარმატებით გამევლო ყველაზე რთული, ოქროს კლასი და შედეგით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, უკეთეს შედეგს ვაჩვენებდი რომ არა გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემები.“
Red Bull Romaniacs 2020 წლის შეჯიბრების გამარჯვებული გერმანელი მანუელ ლეთენბიჰლერი გახდა. მან 2 წუთით აჯობა მეორეადგილოსან გრემ ჯარვისს. შეჯიბრების მესამე ადგილი ერგო ალფრედო გომეს კანტეროს. აღსანიშნავია, რომ მანუელ ლეთენბიჰლერი მეორედ გახდა შეჯიბრების გამარჯვებული, პირველი ტიტული მას 2019 წელს აქვს მოპოვებული. სანდრა გომესი კი გახდა პირველი ქალი მოტომრბოლელი, რომელმაც ოქროს კლასი წარმატებით გაიარა.