გიორგი გახარიასა და „თეთრი ხმაურის მოძრაობას“ შორის შეთანხმების პირობებზე მუშაობა დღეს დაიწყება
გიორგი გახარიასა და „თეთრი ხმაურის მოძრაობას“ შორის შეთანხმების პირობებზე მუშაობა დღეს დაიწყება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის შეთანხმების პირობებზე მუშაობა დღეს დაიწყება.

როგორც გუშინ, გვიან ღამით გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, დღეს, 10:00 საათიდან მინისტრთან ერთად განიხილავენ პარასკევის ღამის მოვლენებს.

„ის მზად არის, რომ ვინც ჩაიდინა გადაცდომები, პასუხი აგონ“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

მისი თქმით, მიიღეს დაპირება, რომ განახლდება ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მოუწოდა, მათაც მოეხადათ ბოდიში იმ სამართალდამცველებისთვის, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს.

მინისტრი აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მათთან ერთად განიხილავს პარასკევი დღის ყველა წუთს.

„ყველა ის ადამიანი, რომელიც ერთობლივად შევთანხმდებით, რომ მისი უფლება დაირღვა, რა თქმა უნდა, უფლება აღდგენილი იქნება. მე ასევე გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით.

ასევე, ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, ამ თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ, ისევე შევიკრიბოთ, ან ვიცეკვოთ, ან მოვუსმინოთ მუსიკას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

„მინდა გთხოვოთ, დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს, რათა დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მეორე ამოცანა ან მესამე ხარისხის, ან პირველი ხარისხის, რომელიც ვისაუბრეთ, იქნება უკვე უმნიშვნელო, რადგან თითოეული ქართველი მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა აქვს არანაირი მნიშვნელობა მის ორიენტაციას, რელიგიურ მრწამსს თუ ასაკს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია დაიშალა.