გიორგი გახარია - საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი როგორც სოციალური სტაბილურობისა ქვეყანაში, ასევე ეკონომიკისთვის გრძელვადიანი, ძალზე პრინციპული რეფორმა
გიორგი გახარია - საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი როგორც სოციალური სტაბილურობისა ქვეყანაში, ასევე ეკონომიკისთვის გრძელვადიანი, ძალზე პრინციპული რეფორმა

საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი როგორც სოციალური სტაბილურობისა ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის გრძელვადიანი, ძალზე პრინციპული რეფორმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისი შეფასებით, ლევან სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები, თანამდებობა კი პირადი გადაწყვეტილებით დატოვა.

„მის პირად გადაწყვეტილებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე. ადამიანმა თქვა, მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს“, – განაცხადა პრემიერმა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა. სურგულაძე ამბობს, რომ საპენსიო სააგენტოში თავისი მისია ამოწურა. ლევან სურგულაძე სამომავლო გეგმების შესახებ ამ ეტაპზე არ საუბრობს.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობამდე ის სს კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა.