ლევან სურგულაძე - მორალურად ვიქნები ჩემი გუნდის გვერდით და ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებისთვის 
ლევან სურგულაძე - მორალურად ვიქნები ჩემი გუნდის გვერდით და ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებისთვის 

საპენსიო საგენტოს თავმჯდომარე ლევან სურგულაძე, რომელმაც სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა, ამბობს, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მოსახლეობის ნდობის მოპოვება მოახერხეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემა იმაზე ნაკლებმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა.

ამასთან, სურგულაძის თქმით, საპენსიო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და დარწმუნებულია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„გეთანხმებით, რომ რეფორმის შესახებ გარკვეული კითხვები ისმოდა. ჩვენმა სააგენტომ და ჩვენმა გუნდმა იმუშავა ძალიან ბევრი, ძალიან კარგად და დღეს ეს ნეგატივი ასე თუ ისე ნიველირებულია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა დატოვა საპენსიო სქემა, ვიდრე ვინმე ელოდა. შესაბამისად, ეს ნდობა ჩვენ გარკვეულწილად მოვიპოვეთ და ვფიქრობ, დღევანდელი ჩემი შეფასება რეფორმისა, ასევე დაეხმარება ამ ნდობის გაძლიერებაში. რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით, ის გაგრძელდება წარმატებით, დარწმუნებული ვარ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ ყოველთვის ვილოცებ. რა თქმა უნდა, მორალურად მუდამ ჩემი გუნდის გვერდით ვიქნები“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა. სურგულაძე ამბობს, რომ საპენსიო სააგენტოში თავისი მისია ამოწურა. ლევან სურგულაძე სამომავლო გეგმების შესახებ ამ ეტაპზე არ საუბრობს.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობამდე ის სს „კავკასიის ბიზნეს ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა.