გიორგი გახარია - სამეგრელო-ზემო სვანეთის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს, ყველას ერთნაირად მოეთხოვება
გიორგი გახარია - სამეგრელო-ზემო სვანეთის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს, ყველას ერთნაირად მოეთხოვება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, პასუხი ყველას ერთნაირად მოეთხოვება და ყველას პასუხისმგებლობის ზომა ერთი და იგივე იქნება.

მინისტრმა შეხვედრაზე დამსწრე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს ხელმძღვანელებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტი შრომა იქნება საჭირო.

„ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო კოლეგებს გაწეული შრომისთვის და ასევე, ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტი შრომა იქნება საჭირო. ერთმნიშვნელოვნად უნდა იცოდეთ, რომ ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს, პირდაპირ გეუბნებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთი და იგივე. სამართლიანობა იქნება ძირითადი კრიტერიუმი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრის შეფასებით, ბოლოს და ბოლოს, სამეგრელოს  რეგიონში თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მასზე ზრუნავს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სწორედ ეს იქნება ძირითადი მოთხოვნა ახალი გუბერნატორის, თითოეული ჩინოვნიკის და სახელმწიფოს წარმომადგენლის მიმართ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია დაინიშნა. ახალი გუბერნატორი ზუგდიდში დღეს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა წარადგინეს.