გიორგი გახარიამ და სოზარ სუბარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია წარადგინეს
გიორგი გახარიამ და სოზარ სუბარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია წარადგინეს

სამეგრელო- ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ და რეგიონული სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს წარუდგინეს.

შეხვედრაზე ახლად დანიშნულმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა მთლიანად უნდა იყოს მიმართული არა საქმის ფორმალურად კეთებისკენ, არამედ სიტუაციის არსებითად გაჯანსაღებისა და მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობას გაუმჯობესებისკენ.

„უახლოეს წარსულს თვალს თუ გადავავლებთ, ნათელია, რომ ხელისუფლების ძალისხმევით მნიშვნელოვნად გაიზარდა დემოკრატიის ხარისხი და ადამიანის უფლებების დაცვა გახდა პრიორიტეტული. მოსახლეობის საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის შემოღება უდიდესი სოციალური მნიშვნელობის პროექტად წარმოგვიდგა, ახლახანს მცირე ბიზნესისათვის ახალი შეღავათიანი რეგულაციები შევიდა ძალაში, რაც დაბეგვრის 5%-ის ნაცვლად 1%-მდე დაწევას გულისხმობს, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, დაწესებულია შეღავათიანი აგროკრედიტი, მთელი რიგი საჭირო რეგულაციები და სხვ. ბუნებრივია, ხელისუფლება უნდა აკეთებდეს იმას, რაც მოსახლეობის ინტერესებშია. მაგრამ სამწუხაროდ, საქმის ვითარება ჩვენი მხარის მუნიციპალიტეტებში ოპტიმიზმის საფუძველს ყოველთვის არ გვაძლევს.  ძალისხმევა მთლიანად უნდა მიემართებოდეს არა საქმის ფორმალურად კეთებისკენ, არამედ უნდა ემსახურებოდეს სიტუაციის არსებითად გაჯანსაღებას და იმგვარი პროცესების წარმართვას, რაც ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“,-განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მისივე თქმით, მიუღებელია სახელისუფლებო ძალაუფლებით სარგებლობა ან ამ შესაძლებლობების გადაცემა გარეშე პირებისთვის.

„ჩემი ინფორმაციით და პირადი დაკვირვებით, ადგილობრივი ხელისუფლება რიგ შემთხვევებში პასიურია და არ იყენებს მის ხელთ არსებულ სრულ უფლებამოსილებას, რათა საბოლოოდ გადაიჭრას ძირითადი მნიშვნელობის პრობლემები. ვფიქრობ, მიუღებელია სახელისუფლებო ძალაუფლებით სარგებლობა ან ამ შესაძლებლობების მიცემა გარეშე პირებისთვის კერძო, არასაჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად”, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

ახალი გუბერნატორი თავის უფლებამოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.