გიორგი გახარია - სამეგრელო-ზემო სვანეთი ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, ვალდებული ვართ, აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები
გიორგი გახარია - სამეგრელო-ზემო სვანეთი ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, ვალდებული ვართ, აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები

სამეგრელო-ზემო სვანეთი, როგორც რეგიონი, ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და წამყვანი უნდა იყოს, – ამის შესახებ ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ამისთვის სამეგრელოს რეგიონს ყველანაირი პოტენციალი აქვს – შრომისმოყვარე ხალხი, განათლებული საზოგადოება და ყველაფერი სხვა, რაც საჭიროა რეგიონის სწრაფი განვითარებისთვის.

შესაბამისად, მისი თქმით, ახალი გუბერნატორის შერჩევის პროცესში ეს საკითხი იყო ძირითადი და ამის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნაზე.

„ამას თავისი ობიექტური ახსნაც აქვს, რაც მდგომარეობაში იმაში, რომ რეგიონში სულ უფრო წინა პლანზე უნდა წამოიწიონ ახალგაზრდებმა. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მომავალი არიან ახალგაზრდები. უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ საქართველოს წარმატება გაიზომება მთლიანად,  მაგრამ რამდენიმე კუთხის და განსაკუთრებით ქალაქის წარმატებული განვითარებით – ეს არის თბილისი, ბათუმი და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს და იქნება აუცილებლად ზუგდიდი“, – განაცხადა შს მინისტრმა.

შესაბამისად, მინისტრის თქმით, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, რომ ამ დიდ შრომაში მიიღოს მონაწილეობა.

„იმასთან ერთად, რომ ერთმნიშვნელოვნად მადლობა გადავუხადოთ ხალხს, რომელმაც წლების განმავლობაში იზრუნა და იშრომა ამ კუთხის განვითარებაზე, უნდა ვთქვათ, რომ უნდა ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ორჯერ უფრო მეტი. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონს მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

„გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, რომ განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის მხრიდან იქნება მოქცეული სამეგრელოზე და განსაკუთრებით ზუგდიდზე. არავინ მოითმენს, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა. ყველაფერთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რეგიონის აუცილებლობა, იყოს სამაგალითო, ასევე განპირობებულია იმ „საზღვრით“, რომელიც გვერდზე არის. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ვალდებული ვართ, აი ასე, აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები“, – განაცხადა გახარიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუბერნატორად გუშინ ალექსანდრე მოწერელია დაინიშნა. ახალი გუბერნატორი ზუგდიდში დღეს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა წარადგინეს.

დატოვე კომენტარი