გიორგი გახარია - როგორც შარშან ვიცავდით მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც რუსთაველზე დგას
გიორგი გახარია - როგორც შარშან ვიცავდით მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც რუსთაველზე დგას

როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც რუსთაველზე დგას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობის წინ დადგმულ მის ბიუსტზე საუბრისას განაცხადა.

გახარიას თქმით, გასული წლის 12 მაისიდან ა.წ. 12 მაისამდე კლუბური ნარკოტიკით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

„ამ ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას, ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მწვავე, კრიტიკულ კითხვებს ვუპასუხოთ, როგორც ჩვენი ოპონენტებისგან, ხშრად ჩვენი გუნდის წევრებისგანაც და აქ ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას.

შინაარსობრივად რაც საკითხს შეეხება, 12 მაისის შემდეგ როდესაც ჩატარებული იყო ეს ღონისძიება, კლუბებთან დაკავშირებული, კლუბური ნარკოტიკების ინტოქსიკაციით გარდაცვალების ფაქტი ერთი წლის განმავლობაში გვქონდა ორი შემთხვევა, ორი ტრაგიკული შემთხვევა. რა თქმა უნდა, ესეც ბევრია, მაგრამ, ყველას კარგად გვახსოვს, ერთი წლის წინ ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში იყო უმძიმესი მოლოდინის დღეები და იმდენად კრიტიკულად არის შემცირებული ასეთი შემთხვევები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ 12 მაისიდან 12 მაისამდე საქართველოში კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის და კლუბიდან გამოსული ადამიანების გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა ორი ტრაგიკული შემთხვევა.

ამის შემდგ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი ეს პოზიტიური გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, არ იქნება არც ერთი დახურული ზონა. ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით ადამიანებს, რომლებმაც ეს ტრაგედია გამოიარეს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვიცავდით და დავიცავთ გამოხატვის თავისუფლებას. როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც დგას აქ, რუსთაველზე“,- განაცხადა გახარიამ.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე აქტივისტმა შს მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტი დადგა. ბიუსტზე არის წითელი ღილაკი, რომელზე დაჭერის შემდეგ ირთვება ხმოვანი ფრაზა – „მოდით, დავიწყოთ ბოდიშით”.

აღნიშნული პერფორმანსი 2018 წელს ღამის კლუბებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.