აქტივისტებმა პარლამენტის წინ გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს 
აქტივისტებმა პარლამენტის წინ გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ რამდენიმე აქტივისტმა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტი დადგა. ბიუსტზე არის წითელი ღილაკი, რომელზე დაჭერის შემდეგ ირთვება ხმოვანი ფრაზა – „მოდით, დავიწყოთ ბოდიშით”.

ორგანიზატორების განცხადებით, ინსტალაცია 12 მაისის მოვლენებს ეხმაურება.

„პროექტის მიზანია, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ გიორგი გახარიას სიტყვას ფასი არ აქვს. მან ერთი წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას საზოგადოებას მოუხადა ბოდიში სისტემის მიერ განხორციელებული მოძალადეობრივი აქტების გამო და შემდეგ შეგვპირდა, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა. ამ დაპირებებში ჟღერდა როგორც ადამიანის უსაფრთხოების პრიორიტეტულობა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ჩამოშლა, ასევე სხვა დაპირებები, რომელთაგანაც არც ერთი არ შესრულდა, პირიქით, გაუარესდა ამ მხრივ სიტუაცია.

ჩვენ საბოლოოდ დავასკვენით, რომ მის ბოდიშს თუ ფასი არ აქვს, მაშინ რატომაც არა, მიიღოს ყველამ იმდენჯერ, რამდენჯერაც არ დაეზარება ღილაკზე თითის დაჭერა“, – განაცხადა ორგანიზატორმა ზუკა ბერძენიშვილმა.

ორგანიზატორების თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის ბიუსტი პარლამენტთან სამი დღე დარჩება, ამის შემდეგ კი ინსტალაცია თბილისის სხვადასხვა კაფე-ბარში განთავსდება.