გიორგი გახარია - მამუკა ხაზარაძის გამოსვლა იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტი მოიპოვოს
პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში, ბიზნესში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გამოსვლის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ხაზარაძის საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლა იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების.
„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. სხვა ყველაფერი არის ტყუილი. მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ყველას პირში ვეუბნები. მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში, ბიზნესში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. შანტაჟის ენით საუბარი საერთოდ საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს, პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე“, – განაცხადა გახარიამ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. ამავე საკითხზე დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვის პასუხად ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან იყო.