გიორგი გახარია - პატრულის მობილურ ბაზაში ინტერპოლით ძებნილთა მონაცემები არ იყო, ამას ახლა ვასწორებთ
გიორგი გახარია - პატრულის მობილურ ბაზაში ინტერპოლით ძებნილთა მონაცემები არ იყო, ამას ახლა ვასწორებთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ რუსთაველის გამზირზე ინტერპოლით ძებნილი პირი დაკავებამდე სამართალდამცველებმა დააჯარიმეს.

როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, შსს-მ დააკავა ძებნილი პირი, რომლის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ გაირკვა, რომ იყო ძებნილი.

„დიახ, ფაქტია, რომ შსს-მ დააკავა ძებნილი პირი, რომელის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ გაირკვა, რომ იყო ძებნილი. როდესაც საპატრულო პოლიციამ გააჩერა, გარკვეული სამართალდარღვევის აქტი გამოიწერა, რომელიც მან გადაიხადა და ამით თემა დაიხურა, რადგან იმ მომენტში საპატრულო პოლიციის ოფიცერს მისი დევნილობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ნორმალური არის ის, რომ ეს ადამიანი არის ექსტრადირებული. პატრულმა ოფიცერმა როდესაც გააჩერა, მის მობილურ ბაზაში ინტერპოლის ძებნილის ბაზა არ იყო ინტეგრირებული. დღესაც არ არის, ამას ახლა ვასწორებთ, გეუბნებით, რომ ამიტომ გაუშვა”, – განაცხდა გიორგი გახარიამ.

ფრაქციის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე კარავში დააკავეს, დაკავებამდე საპატრულო პოლიციამ 500 ლარით დააჯარიმა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლით ძებნილი პირი ბ.ლ. დააკავა.  შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომლებმა ბ.ლ., მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი აქციას უერთდებოდა. აღნიშნულმა პირმა, მისი ვინაობის დადგენისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის დააკავეს. პირადი ჩხრეკისას ბ.ლ.-ს ცივი იარაღი – დანა აღმოაჩნდა.