გიორგი გახარია - დამოუკიდებელი მექანიზმის ობიექტურობა არის ლაკმუსის ქაღალდი, რაზეც უნდა გაიაროს მისმა ეფექტურობამ
გიორგი გახარია - დამოუკიდებელი მექანიზმის ობიექტურობა არის ლაკმუსის ქაღალდი, რაზეც უნდა გაიაროს მისმა ეფექტურობამ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად მიესალმება მსგავსი ტიპის ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ეს ლოგიკურად ჯდება იმ რეფორმებში და იმ გეგმებში, რომელიც ჩვენ გვაქვს სამინისტროსთან მიმართებით. ჩვენ ვერ ვხედავთ რისკს იმ ფასეულობებთან მიმართებით, რომლის დანერგვასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაპირებთ.

ბოლო თვეების განმავლობაში გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქნებოდა ძალზე მოსახერხებელი ინსტრუმენტი, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძლებოდა მეტად ეფექტიანი კომუნიკაცია საზოგადოებასთან ურთიერთობაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ სამართალდამცველებს უნდა ჰქონდეთ მყარი ობიექტურობის შეგრძნება. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი მექანიზმის ობიექტურობა არის ლაკმუსის ქაღალდი, რაზეც უნდა გაიაროს მისმა ეფექტურობამ.

მსგავსი ინსტიტუტის ​კონსტიტუციონალური  და სტრუქტურული დამოუკიდებლობა არის აბსოლუტურად მისაღები და ვთვლით, რომ ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ძალისხმევა, რომ მსგავსმა ინსტიტუტმა ხელი შეუწყოს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა პროცესების ხარისხობრივ გაუმჯობესებას,  ასევე, საზოგადოებასთან მაღალი ნდობის მოპოვებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მივესალმებით მსგავსი მექანიზმის შექმნას და ჩვენი მხრიდან ვაცხადებთ თანამშრომლობის მზადყოფნას“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიამ და მისმა მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმისა და ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გაერთიანებულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები − საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები; საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები; არასამთავრობო ორგანიზაციები; ექსპერტები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; სახალხო დამცველი.

თეა წულუკიანის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება  შინაგან საქმეთა მინისტრის მზაობას, რომ პრაქტიკაში განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები.

„შინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნის შემდეგ, პროცესი უფრო სწრაფი ტემპით წავიდა და ჩვენ უფრო ადვილად შევძელით ყველაზე მისაღებ და აპრობირებულ მოდელზე შეჯერებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მზაობა და ნება არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ ეს მექანიზმი პრაქტიკაში იყოს ეფექტიანი და კანონი არ დარჩეს მხოლოდ ქაღალდზე.  მხოლოდ პროკურატურის მზაობა არ კმარა, იმისთვის რომ მოდელმა  პრაქტიკაში თავის ფუნქცია შეასრულოს და იმ მიზანს მივაღწიოთ, რომლისთვისაც ეს პაკეტი არის წარმოდგენილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ თეა წულუკიანმა დღეს გააკეთა განცხადება. როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ მომზადებულ კანონპროექტშია ნათქვამი, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სახელმწიფო ინსპექტორი გახდება.