გიორგი გახარია - ბოლო წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, მეეჭვება, ოპოზიციასთან აფილირებულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეფასებისას ობიექტურობა შეძლონ
გიორგი გახარია - ბოლო წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, მეეჭვება, ოპოზიციასთან აფილირებულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეფასებისას ობიექტურობა შეძლონ

ბოლო წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან მეეჭვება, რომ ოპოზიციასთან აფილირებულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეძლონ, შეფასებისას ობიექტურები იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს სწორად და ადეკვატურად აფასებენ.

„ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. რაც მთავარია, მე როგორც მივხვდი და რისი ნახვაც მოვასწარი, ოდირის დამკვირვებლების პირველად დასკვნაში ეს აქცენტები უკვე გაკეთებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს. ბოლო წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც იქცევა ოპოზიცია, ძალიან მეეჭვება, რომ ოპოზიციასთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები შეძლებენ, ამ შეფასებისას ობიექტურები იყვნენ.
მე ეჭვი მეპარება, დარწმუნებული ვარ, თავის აზრს გამოთქვამენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, ერთი მეოთხედი, 32 მათგანი არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული.

როგორც წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველაზე მრავლად ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჰყავს „ნაციონალურ მოძრობას“, ასეთია 20 ორგანიზაცია.

დატოვე კომენტარი