გიორგი გახარია - ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისთვის ფუნქციების გაზრდის მიზანია, მოკლე ვადებში შევძლოთ გამომძიებლების მუშაობის ხარისხის გაზრდა
გიორგი გახარია - ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისთვის ფუნქციების გაზრდის მიზანია, მოკლე ვადებში შევძლოთ გამომძიებლების მუშაობის ხარისხის გაზრდა

ძალიან კარგად გვესმის, რომ კრიმინალთან ბრძოლაში ვერანაირი წარმატება ვერ იქნება შედეგის მომტანი, თუ ადამიანის უფლებების დაცვის დონე არ შევინარჩუნეთ მაღალ მაჩვენებელზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ ზუსტად ერთი წლის წინ, სისტემური რეფორმების ფარგლებში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი.

„ამ დეპარტამენტმა წარმატებით გაართვა თავი დასახულ ამოცანებს და დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეფორმებზე, განსაკუთრებით საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებაზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დეპარტამენტის ფუნქციები გაიზარდოს და ეს იქნება უკვე ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი.

მათ ექნებათ პირდაპირი დავალება, პირველ რიგში, 2019 წლის განმავლობაში მონიტორინგი გაუწიონ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს და ასეთი დანაშაულების გამოძიების ხარისხს. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენს პოლიციის აკადემიასთან ერთად კიდევ ერთი დამატებითი ინსტრუმენტი, რომ მოკლე ვადებში შევძლოთ შსს-ს თითოეული გამომძიებლის კომპეტენციის, მათი შრომისა და მუშაობის ხარისხის გაზრდა, ეს არის ამ დეპარტამენტის მიზანი“, – განაცხადა გახარიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციებს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა გამოძიების ხარისხის კონტროლი დაემატება.