ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციებს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა გამოძიების ხარისხის კონტროლი დაემატება
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციებს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა გამოძიების ხარისხის კონტროლი დაემატება

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციები ფართოვდება და მის მოვალეობებში შევა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების ხარისხის კონტროლი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქცია იყო ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი და მსგავსი დანაშაულების გამოძიების ხარისხის მონიტორინგი.

„მოვიდა დრო, გადავდგათ ნაბიჯი წინ და ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს მსგავსი დანაშაულის გამოძიების ხარისხის კონტროლის გარდა, ცოტა ფუნქცია გავუფართოვოთ. მოგეხსენებათ, შსს-ში განსაკუთრებით კრიმინალურ პოლიციაში, მიმდინარეობს რეფორმების ციკლი, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა გამოძიების ხარისხის გაზრდაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სამინისტრომ უკვე მოამზადა კანონპროექტის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების მკაფიო გამიჯვნას.

„ამ კონცეფციის შესასწავლად ჩვენ უკვე გვსტუმრობდა ვენეციის კომისია, რომლის დასკვნასაც უახლოეს პერიოდში მივიღებთ და დავიწყებთ შემდგომი დაბიჯების გადადგმას. შსს-ს სისტემაში გამოძიების ხარისხის ამაღლება პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს თანამშრომლებთან და მათი კვალიფიკაციის ამაღლებასთან. ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ და ისიც კარგად გვესმის, რამხელა პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე. მაგალითად, პოლიციის აკადემიაში სპეციალიზებული კურსები არის სამსახურში მიღების ახალი კონცეფცია, როდესაც მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები მიიღებიან საგამოძიებო მიმართულებით და მათ ექნებათ ანაზღაურებადი სტაჟირება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.