გიორგი გაბუნია - ახლო აღმოსავლეთში უმძიმესი პროცესებია, ამ დროს საქართველოში ქვეყნის მტრებმა მიზანმიმართულად გააკეთეს განცხადებები, ეპოქა არ მახსოვს, საქართველოს ამდენი აგენტი ჰყოლოდა
ახლო აღმოსავლეთში უმძიმესი პროცესები, მძიმე, საშიში ომი მიმდინარეობს. საშიშია ის, რომ ამ ომს გაფართოების რისკები აქვს. რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია გონიერება, წინდახედულობა და შორსმჭვრეტელობა, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
გიორგი გაბუნიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე დაუსვეს კითხვა.
„მაშინ, როცა, პრაქტიკულად, მთელი არაბული სამყარო ჩართულია სამხედრო მოქმედებებში, საქართველოში ეს აგენტები, ქვეყნის მტრები გამოჩნდნენ და მიზანმიმართულად, ორგანიზებულად გააკეთეს განცხადებები, რომ საქართველოში თურმე ტერორისტული საფრთხეები არსებობს. ცდილობენ, ასეთი განცხადებებით ყურადღება მიიპყრონ და საქართველოს სერიოზული საფრთხეები შეუქმნან. რატომ გაჩნდა ეს საკითხი დღეს და რატომ წამოწიეს? ეს პრობლემა თუ არსებობდა, აქამდე რატომ არ თქვეს? ყველაფერი ნათელია. ეს ადამიანები ცდილობენ, ჩვენს ქვეყანას საფრთხე შეუქმნან. ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ყოფილა ასე ღიად გავლებული წითელი ხაზი მტრობასა და პატრიოტობას შორის. ეს ადამიანები ქვეყანას ყოველდღე მტრობენ. ეპოქა არ მახსოვს, რომ საქართველოს ამდენი აგენტი ჰყოლოდა“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით. გამოძიება სსკ-ის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე, გიორგი კანდელაკი და ვახტანგ კაპანაძე გამოიკითხნენ.
ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
ხუხაშვილი სუს-ში, სავარაუდოდ, დაბარებულია ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ „საფრთხე არის რეალური. შეიძლება, დაიწყოს ტერაქტების სერია“.