გიორგი ფანცულაია - ჩემი ინფორმაციით, გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით პრეზიდენტს ოფიციალური პასუხი ჯერ არ უთქვამს, არაერთგვაროვანი პასუხი აქვს
გიორგი ფანცულაია - ჩემი ინფორმაციით, გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით პრეზიდენტს ოფიციალური პასუხი ჯერ არ უთქვამს, არაერთგვაროვანი პასუხი აქვს

იმედს ვიტოვებ, გიორგი მარგველაშვილი აიღებს პასუხისმგებლობას და ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დეკანოზის შესაძლო შეწყალების საკითხზე განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალებაზე საბოლოო პასუხი ჯერ არ უთქვამს.

გიორგი ფანცულაია მოუწოდებს გიორგი მარგველაშვილს, დეკანოზის შეწყალების პასუხისმგებლობას კომისიაზე ნუ გადაიტანს.

„ჩემი ინფორმაციით, დეკანოზთან დაკავშირებით პრეზიდენტს ჯერ ოფიციალური პასუხი არ უთქვამს. არაერთგვაროვანი პასუხი აქვს ამასთან დაკავშირებით. მე მოვუწოდებდი პრეზიდენტს, პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია, ნუ გადაიტანს კომისიაზე. კონსტიტუციის თანახმად, ის არის გარანტი ადამიანის უფლებების, სწორედ ის არის გარანტი, შეიწყალოს თუ არა პატიმარი. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ პრეზიდენტს, ნუ გაექცევა პასუხისმგებლობას, ნუ იტყვის იმას, რომ კომისია არის ამაზე პასუხისმგებელი. არამც და არამც, პასუხისმგებელი არის პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტი და შესაბამისად, იმედს ვიტოვებ, ვინაიდან ჯერ კიდევ არის იმის ალბათობა, რომ მას ოფიციალური პასუხი გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით, აიღებს ამ პასუხისმგებლობას და ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინაიდან მას ევალება, ადამიანის უფლებები იქნას დაცული“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს განაცხადა, რომ კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზეც იმსჯელა, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.