ახალგაზრდა მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი გორის „დილას“ შემადგენლობაში ბათუმის „დინამოსთან“ დაპირისპირებისას გამოჩნდა, კარი „მშრალად“ შეინახა და გუნდი გაშვებული გოლისგან რამდენჯერმე იხსნა.
1998 წელს დაბადებული მეკარე გორის კლუბს „შევარდენიდან“ შეუერთდა.
ჩოჩიშვილს კრისტალბეთ ლიგა 2-ში მეკარეებს შორის საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა. 14 შეხვედრიდან ცხრა მატჩში კარი „მშრალად“ შეინახა. მისი წარმატებული ასპარეზობა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და მალევე 21 წლამდე ნაკრებშიც გამოიძახეს.
პერსპექტიული მეკარე წარმატებულ თამაშს ახლა უკვე „დილაში“ აგრძელებს.
ჩოჩიშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია. ახალგაზრდა კიპერს ნათამაშები აქვს ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატზეც. მისი პროგრესი 2017 წელს „შევარდენში“ გატარებულ პერიოდს უკავშირდება, როდესაც მეკარეების მწვრთნელ თამაზ ოდიკაძესთან მუშაობის შედეგად შესანიშნავ ფორმაში ჩადგა. მალე მან ჩეხური „სლავიას“ ყურადღება დაიმსახურა, შემდეგ სლოვაკურ „ზლატე მორავცეში“ გაანათხოვრეს, თუმცა მისი ევროპული კარიერა ისე ვერ წავიდა, როგორც მას სურდა და მალევე საქართველოში, კერძოდ ბოლნისის „სიონში“ დაბრუნდა. „სიონში“ გატარებული პერიოდის შემდეგ, ჩოჩიშვილი კვლავ „იუნკერებს“ დაუბრუნდა და მისი პროგრესირებაც ისევ თბილისურ კლუბში დაიწყო.
ლიგა 2-ში მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩების შემდეგ, გიორგიმ კონტრაქტი გორის „დილასთან“ გააფორმა და იმ ქალაქის გუნდის ღირსებას იცავს, რომლის წარმომადგენელიც მისი ლეგენდარული ბაბუა – ძიუდოისტი შოთა ჩოჩიშვილი გახლდათ.