გიორგი ჩიტაური - 17-წლამდელების მიზანი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჩიტაური მარტში დაგეგმილ ელიტ-რაუნდზე ევროპის ჩემპიონატზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.
„ელიტ-რაუნდის ჯგუფში რთული მეტოქეები გვყავს – გერმანია, ჩეხეთი და მასპინძელი შოტლანდია. თუმცა, მიზანი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა, სადაც 16 გუნდი ითამაშებს. 23 მარტს პირველი მატჩი გერმანიასთან გვაქვს და იმედია, საუკეთესო ფორმაში შევხვდები. ელიტ-რაუნდამდე გუნდის შეთამაშების მეტი შანსიც გვექნება. როგორც გითხარით, მალტას შევხვდებით. კორონავირუსის გამო გამოკლებული 4 მოთამაშე დაგვემატება და პლუს კაპიტანი სიგუა, რომელიც უკვე მომჯობინდა და ვარჯიშს მალე დაიწყებს. ასე რომ ელიტ-რაუნდამდე იმედიანი განწყობა გვაქვს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი ჩიტაურმა.
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა თებერვალში 5 მატჩი გამართა. გიორგი ჩიტაურის გუნდმა მინსკის საერთშორისო ტურნირზე, „განვითარების თასზე“ ისრაელთან, ბელარუსთან და უზბეკეთთან 0:3 წააგო, „მინსკის“ ასაკობრივ გუნდს (1:0) და მოლდოვას (7:0) კი 8 გოლი გაუტანა. შემდეგ ნაკრები მონტენეგროში ამ ქვეყნის 18-წლამდელთა გუნდს ორჯერ შეხვდა – ჯერ 1:0 მოუგო, შემდეგ 2:2 ითამაშა და ამით შეკრება დაასრულა.
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბელარუსის ტურნირზე წარუმატებელი გამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.
„ბელარუსში წასვლამდე თამაშების გამართვა გვსურდა, მაგრამ კორონავირუსის გამო მოვერიდეთ, ბიჭებს ვირუსი რომ არ გადადებოდათ. პლუს შემადგენლობის 4 მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა, გუნდის კაპიტანს, სიგუას მინსკში ფეხი ეტკინა და იძულებული გავხდით გამოგვეშვა. საბედნიეროდ, ტაბატაძე დროულად მორჩა, მინსკში ჩამოვიდა და ბოლო თამაში ითამაშა, ისევე როგორც მონტენეგროსთან ორივე სპარინგი. მაგრამ საკადრო და კონდიციების პრობლემები გვქონდა. ამ დროს არ გაჩერებულა არც ისრაელი და არც ბელარუსი, რომელთანაც პირველი მატჩები წავაგეთ. მათთან და უზბეკეთთან ტექნიკური და ტაქტიკური წუნი და ფიზიკური მომზადების ნაკლი აშკარად გამოჩნდა. მაგრამ ამ მატჩებში გუნდი უფრო შეთამაშდა, რაზეც მოლდოვასთან (7:0) და მონტენეგროს 18-წლამდელებთან შედეგები (1:0 და 2:2) მეტყველებს. შეკრების ბოლოს გუნდი ბევრად უკეთ გამოიყურებოდა და ეს მაიმედებს“.
ჩიტაურის თქმით, ელიტ-რაუნდამდე ნაკრები კიდევ ერთ შეკრებას გაივლის.
„ელიტ-რაუნდისთვისაც კიდევ ერთი დიდი შეკრება და ორი სპარინგ-მატჩი გვექნება. 6 და 8 მარტს რუსთავში ხელოვნურსაფარიან მოედანზე მალტას ვეთამაშებით. ხელოვნურსაფარიანზე იმიტომ ვითამაშებთ, რომ ელიტ რაუნდი შოტლანდიაში ასეთ მოედანზე ჩატარდება და წინასწარ უნდა მოვემზადოთ. წინა შეკრებაზე ვხედავდი, რომ გუნდი თამაშს მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებდა და იმედია, ამ მზადების შედეგად გუნდი ელიტ-რაუნდს სასურველ კონდიციებში შეხვდება“.