გიორგი ჭიაბრიშვილი - „შერიფთან“ დაპირისპირების ბედი თბილისში გადაწყდება
გიორგი ჭიაბრიშვილი - „შერიფთან“ დაპირისპირების ბედი თბილისში გადაწყდება

საქართველოს ჩემპიონი „საბურთალო“ ტირასპოლშია და მოლდოვას ჩემპიონთან მატჩისთვის ემზადება.

გუნდმა მატჩის წინა დღეს მოკლე ვარჯიში გამართა. მანამდე კი, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოლდაველი და ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ყველამ იცით, რომ „საბურთალოში“ ჩვენი აკადემიის აღზრდილი ბევრი ფეხბურთელი თამაშობს. აქამდე მოსასვლელად ძალიან დიდი გზა გავიარეთ – ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად საქართველოში მივაღწიეთ წარმატებებს. ახლა კი დადგა დრო, როდესაც ევროპაშიც უნდა მოვსინჯოთ ძალები. ამ ისტორიულ დღეს ყველა ჩვენგანი ელოდა. კლუბის მიზანი ევროტურნირებზე თამაში იყო. ისე მოხდა, რომ ევროტურნირს საუკეთესო საკლუბო ჩემპიონატით ვიწყებთ. ეროვნულ ლიგაში „საბურთალო“ ხშირ მატჩებში ფავორიტია. ამავდროულად, გუნდი პირველ ნომრად თამაშობს, მაგრამ ოთხშაბათს სულ სხვა დონის გუნდს ვეთამაშებით. „შერიფს“ ევროპაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ყოველწლიურად ჩემპიონთა თუ ევროპა ლიგაზე თამაშობს. ჩვენ კი, სადებიუტო შეხვედრას გავმართავთ. ჩვენს სათამაშო სტილზე უარს არ ვიტყვით, თუმცა ამას მატჩი გვაჩვენებს, რამდენად მოვახერხებთ ჩვენი ფეხბურთის თამაშს“, – ამბობს ჭიაბრიშვილი.

მთავარი მწვრთნელის თქმით, „საბურთალოსთვის“ გასვლაზე ფრე მისაღები შედეგი იქნება.

„ვინაიდან ევროტურნირებზე პირველად ვთამაშობთ, თანაც საგარეო მატჩით ვიწყებთ, ფრე ურიგო შედეგი არ იქნება. წინ განმეორებითი მატჩია და გარკვეული უპირატესობა გვექნება, მაგრამ ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ და ხვალაც ასე იქნება. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, ხვალინდელ შეხვედრაში რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ. ვფიქრობ, ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება“, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

„საბურთალოში“ ვარჯიშობს ლევან ყენია, მაგრამ ის გუნდს ტირასპოლში არ გაჰყოლია. ჭიაბრიშვილმა მის საკითხზეც ისაუბრა.

„ამ ეტაპისთვის ყენიას განაცხადში შეყვანა ვერ შევძელით, თუმცა იმედია, თამაშის შესაძლებლობა მალე მიეცემა. ლევანი ევროპიდან რამდენიმე დღის ჩამოსულია. შეიძლებოდა მისი მოლდოვაში წამოყვანა, რათა გუნდთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დიდი გზა იყო გასავლელი, დასვენების საშუალება მივეცით“, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.