გიორგი ჭელიძე - „სამგურალის“ გაძლიერებას რამდენიმე პოზიციაზე ვგეგმავთ #1TVSPORT
გიორგი ჭელიძე - „სამგურალის“ გაძლიერებას რამდენიმე პოზიციაზე ვგეგმავთ #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ წინასასეზონო მზადებაზე, საკონტროლო მატჩებსა და სიახლეებზე ისაუბრა.

„ბოლო წლებში „სამგურალმა“ დიდ პროგრესს მიაღწია. ლიგა 3-დან დაიწყო, ორ წელიწადში უმაღლეს ლიგაში გადავიდა და ძალიან სასიხარულოა, რომ ქართულ ფეხბურთს საინტერესო და ამბიციური კლუბი შეემატა. ჩემთვის ასეთ გუნდში მუშაობა ძალიან სასიხარულოა. რადგან ნდობა გამომიცხადეს და მთავარი მწვრთნელობა შემომთავაზეს, ესე იგი, მიაჩნიათ, რომ ამ სამსახურისთვის და ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ. კონკრეტულ მიზანზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ზოგადად, ჩვენი კლუბის, გულშემატკივრებისა და ყველას სურვილია, რომ „სამგურალმა“ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.

– პირველი შეკრების ბოლოს, 28 თებერვალს ბულგარეთის „მონტანას“ ვხვდებით, შემდეგ შეკრებაზეც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გავმართავთ. 3 თებერვალს აზიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, ტაშკენტის „ფახთაქორს“ დავუპირისპირდებით, 10 თებერვალს უკრაინის პრემიერლიგის „,კოლოსს“ შევხვდებით. მანამდე სხვა მეტოქეების ვინაობაც გვეცოდინება.

– ჩემს სამწვრთნელო შტაბში არიან ლევან ხომერიკი და ივანე მახარაძე, რომლებიც ჩემთან ერთად „თელავში“ მუშაობდნენ. ადრე ბათუმის „დინამოში“ ერთად ვთამაშობდით, შემდეგ ერთად დავამთავრეთ უეფა-ს პრო ლიცენზიის კურსები. ძალიან ნიჭიერი და განათლებული ბიჭები არიან. მათთან ერთად მუშაობა ძალიან მიადვილდება. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ „სამგურალში“ მეკარეების ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ლევან აბაშიძე და ფიზმომზადების პროფესიონალი, ოთო საბანაძე დაგვხვდნენ. ასევე, ძალიან კარგი სამედიცინო შტაბი გვყავს. პროფესიონალები არიან, თავიანთი საქმე და „სამგურალი“ ძალიან უყვართ.

– „სამგურალის“ სატრანსფერო პოლიტიკას რაც შეეხება, კარგი სელექციაა ჩატარებული და კარგი ფეხბურთელებით ვართ დაკომპლექტებული, თუმცა გაძლიერება გვსურს. თურქულ შეკრებაზე შემოგვიერთდა ბრაზილიელი მარცხენა მცველი ლუიშ ფერნანდო, ხოლო ფინური „სიკიდან“ – განელი ნახევარმცველი ჯუდ არტური, რომლის კონტრაქტიც უკვე გამზადებულია. რამდენიმე პოზიციაზე კიდევ ვგეგმავთ გაძლიერებას, ფეხბურთელებს ვეძებთ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ ვჩქარობთ. ვცდილობთ, მოვიყვანოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენს გუნდს და სათამაშო სტილს კარგად მოერგებიან“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.