გიორგი ჭანტურიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სახლში იარაღი ჩაუდეს
გიორგი ჭანტურიას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სახლში იარაღი ჩაუდეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ანა კეკენაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სახლში იარაღი ჩაუდეს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს დააკავეს და რუსთავის სამხარეო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.

„მას შემდეგ ვცდილობდი მასთან შეხვედრას და გასაუბრებას, რისი საშუალებაც არ მომეცა. ამის შემდეგ წავიდნენ ბინის გასაჩხრეკად, რისი განჩინებაც არ არსებობს. ეს იყო მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული გადაწყვეტილება, რაც სისრულეში მოიყვანეს გუშინ. ბოლო დღეებში ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრები არ იყვნენ, ასევე სარდაფი, საიდანაც იარაღების ამოიღეს, არ იკეტება, შესაბამისად მარტივია იქ შეღწევა. როგორც კი ექსპერტები მისამართზე გამოცხადნენ, წინა ჩხრეკისგან განსხვავებით, როდესაც იწყებდნენ საძინებელი ოთახიდან, პრაქტიკა შეიცვალა და პირველი ოთახი, სადაც გაემართნენ იყო ის, საიდანაც თავისივე ხელით ჩადებული იარაღები ამოიღეს“, – განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ მან ჩხრეკა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ანა კეკენაძის თქმით, ახალი გარემოებების შესახებ ინფორმაცია მისთვის უცნობია და დაცვის მხარისთვის მტკიცებულებები გადაცემული არ არის.

„რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ არსებობს ახალი გარემოებები, ახალი მტკიცებულებები, ეს ჩვენთვის უცნობია. აწყობს შსს ბრიფინგებს, თუმცა დაცვის მხარეს ამ დრომდე არ აქვს მტკიცებულებები გადმოცემული. მივმართე მათ და ვალდებული არიან, რომ ყველაფერი გადმოგვცენ. ეს არის მასკარადი და ცირკი, რომელიც მრავალი თვის განმავლობაშია დადგმული“, – განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტი გახსნილია და განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი – გიორგი ჭანტურია.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი ქუთათელაძე მიმდინარე წლის 15 იანვარს მოკლული იპოვეს.