გიორგი ბენაშვილი - კანონის სრული დაცვით ვმოქმედებთ და „ანას ბაღის“ მიმდებარედ მშენებლობა გათვალისწინებულ ვადაში დასრულდება
გიორგი ბენაშვილი - კანონის სრული დაცვით ვმოქმედებთ და „ანას ბაღის“ მიმდებარედ მშენებლობა გათვალისწინებულ ვადაში დასრულდება

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებელი კომპანიის წარმომადგენელის, გიორგი ბენაშვილის განცხადებით, კომპანია მშენებლობას ვადით გათვალისწინებულ დროში დაასრულებს.

მისივე თქმით, კომპანია კანონის სრული დაცვით მოქმედებს და სამშენებლო სტანდარტი დაცულია.

„კომპანია მშენებლობას ვადით გათვალისწინებულ დროში დაამთავრებს. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ვმოქმედებთ კანონის დაცვით. გუშინ იყო საუბარი ინსოლაციაზეც. ინსოლაციას აქ არანაირი საფრთხე არ ემუქრება, არანაირი ინსოლაციის საფრთხე არ არსებობს. ყველანაირი სამშენებლო სტანდარტი დაცულია, არანაირი საგზაო სტანდარტი არ არის დარღვეული, რომ სახანძრო ან სასწრაფო ვერ შევიდეს. ყველაფერი დაცულია, ყველაფერი გათვლილია, ყველა კვლევა ჩატარებულია“, – განაცხადა ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა გიორგი ბენაშვილმა.

ბენაშვილის განმარტებით, სკვერს არანაირი საფრთხე არ ექმნება.

„პირიქით, დღეს მოსახლეობას აქვს დაახლოებით 300 კვ/მ-მდე სკვერი. ჩვენ სკვერის გაკეთებას ვაპირებთ დაახლოებით 1000კვ-მდე, ევროსტანდარტის სკვერზეა საუბარი. მერია  გამოხატავს მზადყოფნას, თავისი არსებული მიწები გადასცეს ხალხს და ჩვენ მოვაწყობთ“, – განაცხადა გიორგი ბენაშვილმა.

ბენაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომპანია ადგილმონაცვლეობას არ დათანხმდება.

„მშენებლობა გაგრძელდება. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დამოუკიდებელ ქვეყანაში, პროტესტი არის მათთვის მინიჭებული უფლება, მაგრამ პროტესტი არ უნდა გადაიზარდოს ხულიგნობაში და კანონდარღვევაში.  კომპანიის პოზიცია ასეთია – თუკი ეს ადამიანები შემდგომში დაარღვევენ კანონს, ადგილზე იმყოფება კომპანიის იურისტი, კომპანიის დაცვის სამსახური და აუცილებლად მიმართავენ სამართალდამცველებს“, – განაცხადა გიორგი ბენაშვილმა.

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დილიდან განახლდა.

ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

შეკრებილები დედაქალაქის მერიას კვლავ მოუწოდებენ, სამშენებლო კომპანიას ამ ტერიტორიაზე კორპუსის აშენების უფლება არ მისცეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ სამართლებლივი დავაც გააგრძელონ.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. ელოშვილის განცხადებით, პროექტით სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა გათვალისწინებული და სპეკულაციაა საუბარი, თითქოს ის „ანას ბაღს“ ეხება.

მისივე თქმით, ინვესტორი თანახმაა, „ანას ბაღს“, რომელიც 300 კვადრატული მეტრი ფართობია, 200 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია გადასცეს. ამავდროულად, გამგეობა ბაღს  300 კვადრატულ მეტრს დაუმატებს.

გარდა ამისა, ილია ელოშვილის განმარტებით, ინვესტორი ასევე „ანას ბაღის“ თავიდან ბოლომდე კეთილმოწყობას დათანხმდა.