გიორგი ბარამიძე - ყველა სტრატეგიულმა პარტნიორმა უნდა იცოდეს, რომ არანაირ საკითხს არ გადავწყვეტთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე
გიორგი ბარამიძე - ყველა სტრატეგიულმა პარტნიორმა უნდა იცოდეს, რომ არანაირ საკითხს არ გადავწყვეტთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე

მიხეილ სააკაშვილის განცხადება ნიკოლა სარკოზის შესახებ არის იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, რა მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, როდესაც ერთი მხრივ, ამხელა აგრესიული მტერი გეომება და მეორე მხრივ, რეალურად, ერთადერთი იმედი, ვინც გყავს დასავლური სამყაროდან, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის სახით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ვერ იგებს შენს ფუნდამენტურ პრობლემებს ბოლომდე, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მადლიერი ვართ მისი მხარდამჭერის, – ასეთი კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუზე, სადაც სააკაშვილმა ნიკოლა სარკოზის ჯამბაზი უწოდა.

მისივე თქმით, სარკოზი მიხეილ სააკაშვილს არწმუნებდა, რომ უნდა მოაწერა ხელი ისეთ ხელშეკრულებაზე, სადაც ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სტატუსი იქნებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ.

„ამ ხელშეკრულებაში ღიად უნდა ყოფილიყო ის თემა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის თუ არა საქართველოსი და სამომავლოდ ყოფილიყო გადადებული ამ რეგიონების სტატუსის განსაზღვრა. ამას, არა მხოლოდ რუსეთი გვთავაზობდა, არამედ ჩვენი მეზობლებიც ვერ ხვდებოდნენ ამის მნიშვნელობას. ჩვენ ამაზე ხელს ვერ მოვაწერდით. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მაშინ თქვა – რომ მომკლათ და დამკიდოთ ფეხებით, თუ სხვა ადგილებით, ამას არასდროს მოვაწერ ხელს. ქართველი ხალხი ამას არასდროს დათანხმდება. მტერმაც და მოყვარემაც უნდა იცოდეს, რომ ჩვენს ერთ გოჯ მიწას ვერ დავთმობთ. ჯერ მტერი გთავაზობს და შემდეგ მეგობარი გეუბნება, რომ ამ დოკუმენტს მოაწერე ხელი და თუ არ მოაწერ, ხვალ თბილისში შემოვა საოკუპაციო ჯარი.

ყველა სტრატეგიულმა პარტნიორმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არანაირ საკითხს არ გადავწყვეტთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე“,-აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.