გიორგი ბარამიძე - რუსეთთან მოლაპარაკებები არ უნდა შედგეს ერთი ერთზე, ეს არის არასწორი, მავნებლური ნაბიჯი
გიორგი ბარამიძე - რუსეთთან მოლაპარაკებები არ უნდა შედგეს ერთი ერთზე, ეს არის არასწორი, მავნებლური ნაბიჯი

რუსეთთან მოლაპარაკებები არ უნდა შედგეს ერთი ერთზე, სადაც ჩვენ მარტო ვართ, ეს არის ძალიან არასწორი და მავნებლური ნაბიჯი, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას.

გიორგი ბარამიძის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები საჭიროა, მაგრამ არა ამ ფორმატში.

„ბუნებრივია, რუსეთთან ძალიან გვჭირდება მოლაპარაკებები, მათ შორის ძალიან ინტენსიური, მაგრამ ეს მოლაპარაკებები უნდა შედგეს არა ერთი ერთზე, სადაც საქართველო სუსტად იქნება წარმოდგენილი, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ვერაგ და საშიშ სახელმწიფოსთან, რომელმაც არ იცის პატიოსანი მოლაპარაკებები, არამედ იმ ფორმატში, სადაც ჩვენ ვართ ჩვენს მეგობრებთან – აშშ-თან, ევროკავშირთან, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენელთან ერთად, სადაც ბუნებრივია, უნდა განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დგას რუსეთსა და საქართველოს შორის. პირველყოვლისა, მშვიდობიანი დეოკუპაცია და ჩვენი დევნილი მოსახლეობის ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება თავიანთ სახლ-კარში. ორ სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი და ნორმალური ურთიერთობები მიიღწევა მხოლოდ იმ ფორმატში, სადაც ჩვენ მარტო კი არ ვართ, არამედ ვართ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად და იმ ორგანიზაციებთან ერთად, რომელსაც აქვს გავლენა რუსეთზე“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დღეს შეხვდა.