გიორგი ათაბეგაშვილი - იმედია, პრობლემა მთელს მსოფლიოში მალე მოგვარდება და თბილისის გრან-პრის მაინც ვუმასპინძლებთ
თბილისის გრან-პრი, რომლის გამართვაც ოლიმპიურ სასახლეში 27-29 მარტს იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება – ეს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განცხადებიდან გახდა ცნობილი.
ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 2020 წლის აპრილის ბოლომდე ჩანიშნული ყველა ტურნირი გააუქმა. მიზეზი კორონავირუსის კრიზისი და უსაფრთხოების ნორმების დაცვაა, რის გამო, ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ გადაწყვეტა, მსოფლიო მასშტაბით არსებულ უსაფრთხოების ფორმებს დაემორჩილოს.
საქართველოს პირველ არხთან კომენტარი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა გააკეთა.
„თბილისის გრან-პრი მეშვიდედ უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის საფრთხის გამო, საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, 30 აპრილამდე გასამართი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ყველა ტურნირი გაუქმებულიყო. არადა, წელს 90 ქვეყნის ათასამდე სტუმარი დარეგისტრირდა, მათ შორის, 700-მდე მონაწილე. ჯერ-ჯერობით უცნობია, თბილისის გრან-პრი წელს გაიმართება თუ არა. მისი არგამართვა ჩვენთვის დიდი დარტყმაა. თუმცა, იმედია, პრობლემა მთელს მსოფლიოში მალე მოგვარდება და მოგვეცემა საშუალება, თბილისის გრან-პრის მეშვიდედ ვუმასპინძლოთ” – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ათაბეგაშვილი.
თბილისის და უახლოეს გრან-პრიზე ქართველი სპორტსმენები ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვებას გეგმავდნენ. რა იქნება ამ კუთხით და ლიცენზიები როდის გადანაწილდება? საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა კომენტარი ამაზეც გააკეთა: „ოლიმპიადამდე დარჩენილია ბაქოს გრანდ-სლემი, ასევე მაისში მასტერსის ტურნირი. მათი გამართვაც გლობალური საფრთხიდან გამომდინარე გადაწყდება. რაც შეეხება ლიცენზიებს, ჩვენ ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. თუმცა, პოზიციების გაუმჯობესების თვალსაზრისით, ჩვენი სპორტსმენების ასპარეზობა აუცილებელია“.