ექსკლუზივი უზბეკეთიდან | გიორგი ათაბეგაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მედალს მოიპოვებს #1TVSPORT
ექსკლუზივი უზბეკეთიდან | გიორგი ათაბეგაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მედალს მოიპოვებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში 4 მედალი მოიპოვა. ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო პირველობის გამარჯვებული გახდა, ლაშა ბექაურმა, ლუკა მაისურაძემ და გურამ თუშიშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა ტურნირის შესახებ ისაუბრა და ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა შეაფასა.

„საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში 4 მედალი მოიპოვა. ამ რაოდენობით ჩამოვრჩით მხოლოდ იაპონიას და გავიმეორეთ ჩვენი საუკეთესო შედეგი. რომ არა მცირე უიღბლობები და გადაწყვეტილებები, რომლებმაც ჩვენ დაგვაზარალა, გვექნებოდა უკეთესი შედეგი. გული მწყდება იმაზე, რომ იმ შესაძლებლობებით რაც ჩვენ გუნდს აქვს შეგვეძლო უფრო მეტისთვის მიგვეღწია. ვაჟებში გათამაშებული 7 ოქროს მედლიდან საქართველო არის ის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელმაც მოიპოვა ერთ-ერთი. მინდა მივულოცო ჩვენს გულშემატკივარს, ვინც ყოველთვის გვერდში გვიდგას, მადლობა გადავუხადო ჩვენს მწვრთნელებს, სპორტსმენებს და ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებებში.“

ათაბეგაშვილმა გუნდურ შეჯიბრებაზეც ისაუბრა, რომელიც ხვალ, 13 ოქტომბერს გაიმართება.

„რაც შეეხება გუნდურ შეჯიბრებას, მას შემდეგ რაც მიქსი გახდა (ქალები და კაცები ერთად) შევეცდებით პირველი მედალი მოვიპოვოთ მსოფლიო ჩემპიონატზე. საკმაოდ ძლიერ ნაკრებს ვხვდებით – საფრანგეთს, თუმცა გუნდურ ასპარეზობაში ჩვენი სულისკვეთება და დამოკიდებულება ყოველთვის არის საბრძოლო და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები ხვალ მედალს მოიპოვებს.“