გიორგი ათაბეგაშვილი - გორში, ჩემპიონთა ლიგაზე რინერსა და ძიუდოს სხვა ვარსკვლავებს ვიხილავთ #1TVSPORT
გიორგი ათაბეგაშვილი - გორში, ჩემპიონთა ლიგაზე რინერსა და ძიუდოს სხვა ვარსკვლავებს ვიხილავთ #1TVSPORT

ევროპის ძიუდოს კავშირის გადაწყვეტილებით, 26 ნოემბერს გორი ძიუდოს მთავარ საკლუბო ტურნირს, ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს და მას შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგა ერქმევა.

გორში გასამართ შეჯიბრსა და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ტურნირზე სამივე ქართული კლუბი უმაღლესი სინჯის მედლებისთვის იბრძოლებს. მისივე განცხადებით, ამ დონის შეჯიბრი ძიუდოში კლუბებს შორის საქართველოში პირველად ტარდება და მომავალშიც ბევრ მნიშვნელოვან ტურნირს ვუმასპინძლებთ. ფედერაციის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ გორში ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე საჭიდაოდ, ლეგენდარულ ტედი რინერთან ერთად, ძიუდოს სხვა ვარსკვლავებიც ჩამოდიან.

ტურნირზე ევროპის საუკეთესო 15 კლუბი იასპარეზებს, როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის. ჩემპიონთა ლიგაზე გამომსვლელი რვა მამაკაცთა კლუბიდან საქართველოდან სამი კლუბი იქნება – „გოლდენ გორი“, „მებრძოლი“ და „არეა“.

შეგახსენებთ, რომ „გოლდენ გორი“ შარშანდელი გათამაშების ბრინჯაოს მედალოსანია. ტურნირი გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება, შეჯიბრი 10:00-ზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასო იქნება.