გიორგი ათაბეგაშვილი - ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები გვყავს
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი, გიორგი ათაბეგაშვილი, პირველი არხის გადაცემას, „ახალ დღეს“ ესტუმრა და ქართულ ძიუდოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთა ნაწილი მის კანდიდატურას მხარს არ უჭერს და ქართულ ძიუდოში არსებული პრობლემების მოგვარების მისეული ხედვები ჩამოაყალიბა.
„ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები გვყავს. ნაკრები რომელსაც არაერთი ქვეყანა შენატრის და ესენი არიან ბიჭები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენთაგანი ამით ვამაყობთ. ჩვენი მიზანიც ის არის, რომ მათ ყველანაირად ხელი შევუწყოთ მონაწილეობა მიიღონ ყველა შესაძლო საერთაშორისო შეჯიბრში, თუ სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაში, რათა მიღწეულ იქნას ის მიზანი, რაც ფედერაციას აქვს. უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტმა დატოვა თანამდებობა, აღმასრულებელმა კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უშუალოდ მე ვხელმძღვანელობდი და ამ დროის განმავლობაში ყველა ის პირობა შესრულდა, რაც მათ ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ ნაკრებს არ ჰყავდა მთავარი მწვრთნელი, მათი მომზადება მიმდინარეობდა ინდივიდუალურად. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ გავიმეორეთ 2007 წლის შედეგი. ასევე, რომ გავცდეთ ეროვნულ ნაკრებს, ასაკობრივი ნაკრებიც შესანიშნავი შედეგით დაბრუნდა ბაჰამის კუნძულებიდან. მე ვფიქრობ, რომ ახლა საქმეზე საუბარი ჯობია. ჩვენი მიზანი და პრიორიტეტი კი იქნება როგორც ეროვნული, ასევე სხვადახვა ასაკობრივი გუნდები. 2020 წლის ოლიმპიადამდე წელიწადნახევარია დარჩენილი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ხელი არ შეეშალოთ დასახული მიზნის მიღწევაში.“ – განაცხადა გიორგი ათაბეგაშვილმა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა იმაზეც ისაუბრა, რომ ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გიორგი ათაბეგაშვილი უხელმძღვანელებს. ძიუდოს ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა, ეს პოსტი გუშინ მიიღო. სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე გამართულ არჩევნებზე, 46 დელეგატიდან 41 გამოცხადდა და მათგან 40-მა მხარი ათაბეგაშვილს დაუჭირა.