გიორგი არაბიძემ ეფექტური გოლებით „ტორპედოს“ „კოლხეთთან“ სამი ქულა მოუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და კაცნაკლულად დარჩენილმა დაძაბული და ძალიან სანახაობრივი თამაშის მოგება შეძლო – 3:2.

„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული დაპირისპირების დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელები მოედანზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ და საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე გასვლა მიულოცეს.

ქუთაისელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს, 27-ე წუთზე გიორგი არაბიძემ შორეული, ძალიან ლამაზი გოლით გუნდი დააწინაურა. „კოლხეთმა“ 33-ე წუთზე საბა ფირანაშვილის გოლით ანგარიში გაათანაბრა.

35-ე წუთზე ქუთაისელები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის ცოტნე ნადარაია გააძევა. ამით სტუმრებმა 45+2 წუთზე ისარგებლეს და კირილ კლიმოვის გოლით წინ გავიდნენ.

კაცნაკლული „ტორპედოს“ მდგომარეობა უიმედოდ გამოიყურებოდა, თუმცა გიორგი არაბიძემ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და გუნდი ურთულესი მდგომარეობიდან გამოიყვანა. 69-ე წუთზე მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ლაშა შერგელაშვილმა ყველას დაასწრო და წონასწორობა აღადგინა.

79-ე წუთზე გიორგი არაბიძემ, დაახლოებით, 28 მეტრიდან ძალიან ეფექტური დარტყმით გაიტანა და ქუთაისელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

ექვსი ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ ცხრა ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა, ხოლო ფოთის „კოლხეთი“ რვა ქულით მეხუთე პოზიციაზეა.