გიორგი ამუზაშვილი – ელექტროენერგიის ავარიების მოკვლევა, როგორც წესი, ერთ-ორ კვირაში სრულდება, ჩვენი შიდა პროცედურებით, კვლევის ვადა 30 დღეა, ყოფილა შემთხვევებიც, როცა პროცესი გახანგრძლივებულა
ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ტექნოლოგიური დარღვევების კვლევა. ეს არ არის მარტივი პროცესი და მოითხოვს გარკვეულ დროს. აუცილებელია ადგილზე ხარვეზების დაფიქსირება, სადეფექტო აქტების შედგენა, პერსონალისგან ახსნა-განმარტებების მიღება, ოპერატიული ჟურნალებიდან მუშაობის შესახებ ინფორმაციის ამოღება, – ამის შესახებ ოპერატიული რეჟიმებისა და დისპეტჩერიზაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორმა, გიორგი ამუზაშვილმა განაცხადა.
ამუზაშვილის თქმით, როგორც წესი, მსგავსი ტიპის ავარიების მოკვლევა ერთ-ორ კვირაში სრულდება.
„ჩვენი შიდა პროცედურებით კვლევის ვადა 30 დღეა და ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც პროცესი კიდევ უფრო გახანგრძლივებულა. რაც შეეხება ინფორმაციის მოწოდებას, როგორც იცით, ავარიებთან დაკავშირებით კვლევა და დაზუსტება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. საკითხი კომპლექსურად შესასწავლია. საჭიროა დეტალური გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს ტექნიკური ხარვეზები, დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ.
იცით, რომ სისტემა ცოცხალი ორგანიზმივით ვითარდება. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ამდენი განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრირება უნდა მოხდეს. განახლებადი წყაროების პროცესების მოდელირება იზოლირებულ რეჟიმში ხორციელდება, რომ შეძლოს სისტემამ მუშაობა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გამოვავლინოთ სუსტი მხარეები და მივიღოთ შესაბამისი ზომები“, – აღნიშნა ამუზაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, იმ ინფორმაციებთან დაკავშირებით, რომლებიც დაფიქსირდა, მომზადდება წერილობითი პასუხები, პარალელურად კი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაც გააგრძელებს საკითხების შესწავლას, რის შემდეგაც შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
„30 ივლისს, პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, როდესაც აქედან მივდიოდით, 16:16 საათზე რუსეთის გაერთიანებულ ქსელში მოკლე ჩართვა მოხდა. იმ მომენტში ჩვენ რუსეთის სისტემასთან პარალელურ, სინქრონულ რეჟიმში ვიყავით და პროცესში ჩართული იყო აზერბაიჯანიც. ამ მოკლე ჩართვამ სისტემური პროცესები გამოიწვია. საბედნიეროდ, არ გაგრძელებულა და მდგომარეობა დროულად დასტაბილურდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სისტემურ ჩაქრობასთან გვქონოდა საქმე.
დაღესტნიდან შემოვიდა შეშფოთება. ამაზეც ცალკე ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება, რომ გვაინტერესებს ზუსტი მიზეზი. ჩვენმა ჩამწერმა მოწყობილობებმა ეს ხარვეზები დააფიქსირა, რის შემდეგაც განხორციელდა მონაცემების ანალიზი. მიღებულ იქნა ღონისძიებები, რომ განხორციელებულიყო სისტემის საიმედოობისთვის თბოელექტროსადგურების მიერთება. ამ დრომდე ჯერ კიდევ დადგენილი არ არის „ენგურჰესის“ ძაბვისა და სიხშირის რეგულატორების ქცევის საკითხი. როგორც უკვე აღინიშნა, მიმდინარე კვირაში ჩამოდის ექსპერტთა ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც ჩვენი წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა ამუზაშვილმა.
ამასთან, რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიას, მისივე თქმით, ეს განისაზღვრება ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი წესით.
„ჩვენ უბრალოდ უზრუნველვყოფთ მოწყობილობებით და საჭირო დამხმარე რესურსებით. დაველოდოთ ამ კვლევის შედეგებს. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დღეს დილითაც დაფიქსირდა შეფერხება აზერბაიჯანის ქსელიდან. ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, შეფერხების წყარო რუსეთის მხარეს იყო თუ აზერბაიჯანის. მსგავსი მოვლენებისგან დაზღვეული არცერთი ენერგოსისტემა არ არის. ამიტომ ჩვენი სისტემა ყველანაირად მომზადებული უნდა იყოს. ვფიქრობ, დეტალური კვლევის შედეგად ტექნიკური ხარვეზები გამოვლინდება.
მას შემდეგ, რაც ყველა მიმართულებით ჩატარებული ანგარიშები შეჯერდება, შესაძლებელი გახდება საზოგადოებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება. როგორც ცნობილია, 30 ივლისის შემდეგ ამ საკითხმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამ პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ნათელი, რა იყო მიზეზი“, – განაცხადა გიორგი ამუზაშვილმა.
შეგახსენებთ, 24 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა. ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით იყო გათიშული 25 ივლისსაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
ამასთან, სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების პირველადი შედეგები 30 ივლისს გამოაქვეყნა.