სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

15:18, 25.07.2026

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად განახორციელებს“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება 24 და 25 ივლისს რამდენიმე საათით იყო გათიშული. როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა. ამასთან, 24 ივლისის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა სემეკ-მაც დაიწყო.

 

მსგავსი